კობა გვენეტაძე - ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ დეტალებზე, ვიდრე ეროვნულ ბანკზე თავდასხმები თავად არ გახდა რისკის შემცველი საფინანსო სისტემისთვის
„თიბისი ბანკი“, ისევე როგორც ქვეყნის მთლიანი საფინანსო სისტემა, არის ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული და სტაბილური, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედაც ეროვნული ბანკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულაციების გატარებასაც აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, განცხადების გაკეთების დროს, როდესაც ეს კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას ეხება, ეროვნული ბანკი დიდი სიფრთხილით წონის თითოეულ სიტყვას.
„შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს პირველ განცხადებებს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდოდა, ბანკს რაიმე ზიანი მიდგომოდა, საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად ვცდილობდით, არ გვესაუბრა დეტალებზე. ასეც იყო, ვიდრე ეროვნული ბანკის მიმართ წამოსული თავდასხმები თავად არ გახდა რისკის შემცველი საფინანსო სისტემისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვართ ძალიან ღია და გამჭვირვალე. ჩვენს ვებგვერდზე არსებობს ინფორმაცია, სადაც არის ყველა დეტალი, ბანკთან ერთად გავრცელებული ერთობლივი განცხადებით „თიბისიმ“ ყველა სარჩელი გამოიტანა სასამართლოდან. „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკითხი ჩვენი მხრიდანაც არის ამოწურული“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, პარლამენტში გამოსვლის დროს ამომწურავად ისაუბრა ისეთ ფაქტზე, რომელზეც საზედამხედველო ორგანოები საჯაროს არ საუბრობენ.
„დიდი იმედი მაქვს, ეს იქნება ბოლო შემთხვევა, რომ მსგავს საკითხებზე მიწევს საუბარი. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილისთვის ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. დეპუტატების ნაწილის დარწმუნება შევძელი, ნაწილის ვერა, ზოგიერთი დეპუტატი გავანაწყენე კიდეც, თუმცა რას იზამ, ერთია პოლიტიკოსის ტვირთი და მანდატი, მე კი ჩემი უფლებამოსილება და მანდატი მაქვს. სხდომაზე ბევრი სხვადახვა არასამართლიანი ბრალდება მოვისმინე, რომლებსაც მე, ეროვნული ბანკის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე ვერ გამოვეხმაურები და ვერც შეფასებას გავაკეთებ. მსურს, სრული გულწრფელობით ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, ჩვენს მიერ გატარებული თითოეული ღონისძიებისა თუ გადაწყვეტილების სისწორისა და სამართლიანობაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვია. ჩვენი ნაბიჯები ეფუძნებოდა მხოლოდ კონსტიტუციას, კანონით განსაზღვრულ ნორმებს და მუდამ ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, – განაცხადა გვენეტაძემ.