საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა, ნოემბრის მონაცემებით, 13.8 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი დადებითია.
„საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა, ბოლო, ნოემბრის მონაცემებით, არის 13.8 პროცენტი. ეს არის გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, რეალური ზრდა, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. იყო შეფასებები გასულ წელს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, შესაძლოა, ზრდა უარყოფითი ყოფილიყო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ასე არ იქნებოდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ამასთან, კობა გვენეტაძე საკრედიტო პორტფელის შემადგენლობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ პორტფელის სამ შემადგენელს წარმოადგენს კორპორაციული, მცირე და საშუალო საწარმოები და საცალო სექტორები.
„მოხდა გადანაწილება საცალო სექტორიდან ზედა სექტორებში. ეს არის კორპორაციული, ასევე მცირე და საშუალო სექტორები. მათი წილი დაფინანსებაში და ამ პორტფელში გაიზარდა. ზუსტად კორპორაციული და მცირე და საშუალო სექტორები ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს ეკონომიკაში“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებას, კობა გვენეტაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
„რამდენადაც ვიცი, ამაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. განხილვები და ანალიზი მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროში, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არის კონსულტაციები“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.