კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობას
კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობას

ეროვნულმა ბანკმა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა-მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც  „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში დადებითი ტენდენციები გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.

„მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვასთან დაკავშირებით.

ეროვნულმა ბანკმა შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი. დადებითი ტენდენციები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. მთლიანი შიდა პროდუქტი სტაბილურად იზრდება და ფასების სტაბილურობა ასევე უზრუნველყოფილია.   განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო სექტორის დადებითი დინამიკა, რაც 2017-2018 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე აისახა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა კვლავ ადეკვატურია და შეესაბამება არსებულ ვითარებას.

„ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობას, განსაკუთრებით საგარეო რისკების არსებობის პირობებში საქართველოსთვის არის მთავარი წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და მიმდინარე ანგარიშის შემდგომი და მდგრადი გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, მისი თქით, გრძელდება საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაც.

„არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო იძლევა შესაფერის და კარგ შესაძლებლობას ბუფერების გაძლიერებისთვის და მოწყვლადობების შესამცირებლად. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო რეზერვების არსებული დონე ჯერ კიდევ ჩამორჩება რეკომენდებულ მაჩვენებელს, აუცილებელია, გავაგრძელოთ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, როგორც ეს პროგრამითაც არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმები, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, მომავალში ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და სტაბილურობის აუცილებელი პირობაა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები აისახა საკრედიტო სტანდარტებზე და დაკრედიტება უფრო მდგრად დონემდე მცირდება, რაც გრძელვადიანი სარგებლის მომტანია. ეს ყველაფერი აძლიერებს საბანკო სექტორის უნარს, რათა უკეთ გაუმკლავდეს პოტენციურ შოკებს და გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობა.

ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს ხელისუფლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ მერსედეს ვერა-მარტინის და მისიას თანამშრომლობისთვის მისიის განმავლობაში, რომელიც დღეს სრულდება“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ ერთობლივ ბრიფინგზე.

ამასთან, როგორც მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.