კობა გვენეტაძე - მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტს განიხილავენ.
სხდომაზე ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც 2020-2022 წლისთვის 3 პროცენტით განისაზღვრა.
„ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში მთლიანი წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე მაღლა შენარჩუნდება, შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით ჩამოცდება და 2020 წლის მეოთხე კვარტალში, მას ქვემოდან დაუახლოვდება.
ინფლაციის დინამიკას ძირითადად ორი ფაქტორი განსაზღვრავს – წინა პერიოდებში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და სუსტი ერთობლივი მოთხოვნა. პირველი მოკლევადიან პერიოდში, ინფლაციაზე ახდენს ზემოქმედებას, ხოლო მეორე პირიქით – ინფლაციაზე დაღმავალ წნეხს აჩენს. საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზემოქმედება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება და ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი გაუმჯობესების კვალდაკვალ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და სექტემბერსა და ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად, 8.5 პროცენტამდე გაიზარდა.
„დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზემოქმედება განეიტრალდა, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და ორწლიანი პერიოდის დასასრულ, ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება, რომელიც, არსებული შეფასებით, 6 პროცენტის ფარგლებშია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.