კობა გვენეტაძე - მოლოდინი არის, რომ იანვრის ჩათვლით, ინფლაცია დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნდება, შესამჩნევი კლება უნდა იყოს უკვე თებერვალში
ჩვენი მოლოდინია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნდება, რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უკვე უნდა იყოს თებერვლის თვეში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება.
„ჩვენ ასევე მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები. ვხედავთ, რომ მსოფლიოს სასაქონლო ბაზრებზე არის ინდექსების კლება და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში. ამავე დროს, ლარის გაცვლითი კურსი მყარია, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს. მოგეხსენებათ, ტურიზმის აღდგენა საკმაოდ სწრაფად მოხდა, ამავე დროს მიგრანტების შემოსვლამაც ეს გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს“, – განაცხადა გვენეტაძემ.