კობა გვენეტაძე - მოლოდინები გაუმჯობესდა, რაც ვალუტის კურსის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს
ლარის კურსთან დაკავშირებით მოკლევადიან პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლოდინებს, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში კი, ე.წ ფუნდამენტურ ფაქტორებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კურსის ერთი ან ორი დღის მოძრაობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა შეუძლებელია.
კობა გვენეტაძემ კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებულ ბერკეტებზე ისაუბრა.
„სავალუტო რეზერვების ინტერვენციები განვახორციელეთ, ასევე განხორციელდა სარეზერვო მოთხოვნების შემცირება უცხოურ ვალუტაში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტია ამ შემთხვევაში, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ეს არის კლასიკური ქეისი, რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში და ვფიქრობთ, არის მოლოდინების გაუმჯობესებაც, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კურსის ფორმირებაში მოკლევადიან პერიოდში. ასევე გამოქვეყნდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დადებითი იყო. ვფიქრობ, ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს კურსის მოძრაობას. ისევ და ისევ, მოკლევადიან პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლოდინებს, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში კი, ე.წ. ფუნდამენტურ ფაქტორებს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.