კობა გვენეტაძე - მოცემულ სიტუაციაში 200 000-იანი ლიმიტის შემსუბუქებას შეიძლება, უარესი შედეგები მოჰყვეს
მოცემულ სიტუაციაში უცხოურ ვალუტაში გასაცემ საბანკო სესხზე არსებული 200 000-იანი ლიმიტის შემსუბუქებას შეიძლება, უარესი შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის ფონზე არსებული მაკროეკონომიკური გამოწვევები და საფინანსო სექტორის პრობლემები განიხილეს. ხაზი გაესვა აპრილის თვეში გაზრდილ ინფლაციას, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საბანკო სექტორი არსებული რთული მდგომარეობის გამო რეგულაციების შერბილებას, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების ქვედა ზღვრის 200 000 ლარიდან 100 000 ლარამდე ჩამოწევას ითხოვს [2019 წლის იანვრიდან, დედოლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, 200 000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა].
გვენეტაძის მოსაზრებით, აღნიშნული ლიმიტის შემცირება მიმდინარე კრიზისის ფონზე არ ღირს.
„მე დღეს არანაირად არ ვარ წინააღმდეგი, რომ ეს 200 000-იანი ზღვარი არსებობდეს, რადგან მაშინ, როდესაც რთული სიტუაციაა და დოლარის სესხები პრობლემას ქმნის, ამ დროს შემსუბუქებას შეიძლება, კიდევ უფრო ცუდი შედეგები მოჰყვეს“, – განუცხადა კობა გვენეტაძემ „ბიზნესპარტნიორს“.