კობა გვენეტაძე - მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია
კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პირველი ტურიზმის შემოსავლების დანაკლისია, რამაც გავლენა იქონია გაცვლით კურსზე და შესაბამისად აისახა, როგორც იმპორტირებულ ინფლაციაზე, ასევე კომპანიების სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო, ნაწილობრივ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციაზე.
„ვირუსის გავრცელება და მისი შემაკავებელი ღონისძიებები ბიზნესხარჯებს ზრდის. გაზრდილია ტრანსპორტირების ხარჯები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე იმპორტისთვისაც. კომპანიებს სჭირდებათ დამატებითი მუშახელის დაქირავება, ასევე სოციალური დისტანცირების პრინციპების დაცვის გამო მცირდება რეალიზაცია. დამატებით აუცილებელია დასაქმებულთა უზრუნველყოფა პერსონალური დაცვის ინსტრუმენტებით, ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ფასებზეც ისახება. ამავე დროს, მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია. საქმე გვაქვს მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნის უპრეცედენტო შემცირებასთან, რის გამოც მცირდება ფასები მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ამის შედეგები საქართველოშიც ჩანს და მომავალში უფრო მეტად გამოჩნდება.
„ამის კარგი მაგალითია საწვავზე მნიშვნელოვნად შემცირებული ფასები. პანდემიის ფონზე, ზემოაღნიშნული ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები უახლოეს თვეებში, ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება, წლის განმავლობაში ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის. მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით, ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ იკვეთება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და აპრილის ბოლოს პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. შემცირების მიუხედავად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ.