კობა გვენეტაძე - მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ „თიბისი ბანკი“ წაართვეს, სიმართლეს არ შეესაბამება, წილები ბანკში უცვლელია
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ „თიბისი ბანკი“ წაართვეს, სიმართლეს არ შეესაბამება, მათი წილები ბანკში უცვლელია, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ხშირად ამბობენ, თითქოს მათ ბანკი წაართვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დამფუძნებელი აქციონერების წილები ბანკში უცვლელია. მათი თანამდებობები ასევე უცვლელია ბანკის მშობელ კომპანიაში, TBC Bank PLC-ს საბჭოში. მათ კვლავ აქვთ ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომის ძირითადი მიზანი კი, აქციონერების ბანკის საოპერაციო საქმიანობიდან დისტანცირებაა, რაც საუკეთესო კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპია“, – აღნიშნა გვენეტაძემ.