ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები დადებითია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ პოზიტიურია ექსპორტის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების სტატისტიკა. ამასთან, მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.
„თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი იქნება ლარის გაცვლითი კურსი. არც ერთი ეროვნული ბანკი არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
შეკითხვაზე, ხომ არ მოახდენს ლარის კურსზე გავლენას „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენა, გვენეტაძე ამბობს, რომ ამ გარიგების დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ვარაუდობს, რომ კომერციულ ბანკებს დოლარში მაღალი ლიკვიდობა გააჩნიათ და ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვის აუცილებლობა არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ გარიგებაში „თი-ბი-სი ბანკი“ და სხვა კომერციული ბანკები მონაწილეობენ. „სილქნეტი“ „ჯეოსელში“ 153 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს.