კობა გვენეტაძე - ლარის გადაჭარბებული მერყეობის შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად, ინტერვენციები უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური გუნდის სწრაფი მოქმედების შედეგად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მიღწეული შეთანხმება პროგრამის ფარგლებში ადრე დამტკიცებული შეთანხმების ფარგლებზე დაახლოებით 375 მლნ დოლარით მეტ რესურსს მივიღებთ, რაც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებებსა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ამჯერად ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის გაიყოფა. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ ამ შეთანხმების დამტკიცებისთანავე ფინანსთა სამინისტრო 200 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა შემდეგი ორი მიმოხილვის შედეგად ეროვნული ბანკისთვისაა განკუთვნილი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეროვნული ბანკი გააგრძელებს მოქნილი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას ისე, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე ეტაპობრივად დაბრუნება უზრუნველყოს.
„შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, ლარის გადაჭარბებული მერყეობის შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად, სავალუტო ინტერვენციები საჭიროების მიხედვით უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული. გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი სწორედ დღეს ჩანს. ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, სწორედ იმ დაგროვებულ რეზერვებს გამოვიყენებთ სავალუტო ბაზრისთვის მისაწოდებლად“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური დახმარების გარდა, საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო ინსტიტუტები კერძო სექტორს დამატებით 1.5 მილიარდამდე დაფინანსებას გამოუყოფენ, რომლის ძირითადი ნაწილიც კომერციული ბანკების გავლით რეალურ სექტორში მოხვდება.
„ვირუსით გამოწვეული საფრთხეების დაძლევის შემდეგ, ეს რესურსი წაახალისებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას – საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით 2021-2025 წლების განმავლობაში ეკონომიკის წლიურად საშუალოდ ზრდა 5 პროცენტზე მეტი იქნება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევის გათვალისწინებით, საქართველოში მიმდინარე პროგრამის შეფასება პირველად დისტანციურად განხორციელდა. შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.