კობა გვენეტაძე -კრიპტოვალუტის ფასი ძალიან მერყევია, ვინც ჩართულია კრიპტოვალუტის შეძენაში, უნდა ესმოდეს, რომ სიურპირიზებიც მოსალოდნელია
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გარკვეულ პერიოდში რეგულაციების მიღება აუცილებელი იქნება, თუმცა მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ჯერ დაკვირვების პროცესში არიან, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში წარადგინა. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კითხვა გვენეტაძეს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დაუსვა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მსგავსად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა რისკები, რომელიც კრიპტოვალუტასთანაა დაკავშირებული.
ამასთან, მისი თქმით, კრიპტოვალუტების შეძენით და ამ პროცესში ჩართვით დაინტერსებულმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ კრიპტოვალუტების მერყევი ფასის გათვალისწინებით სიურპრიზები გამორიცხული არ არის.
„პირველ რიგში, რაც უნდა გაგვეკეთებინა და რაც გავაკეთეთ ის არის, რომ აღვნიშნეთ რისკები, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან, როგორც აქტივთან მიმართებაში. მისი ფასი არის ძალიან მერყევი და ვინც არის ჩართული კრიპტოვალუტის შეძენაში, მას უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება ჰქონდეს დიდი სიურპირიზები, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ფასის მერყეობას. მაღალი მერყეობა ჰქონდა კრიპტოვალუტას განსაკუთრებით შარშან და წელსაც“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, გარკვეულ პერიოდში კრიპტოვალუტასთან მიმართებაში რეგულაციების შემოღება აუცილებელი გახდება, თუმცა, ჯერ მთელი მსოფლიო აკვირდება, რა ფენომენია ეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, დადებითია ტექნოლოგიური წინსვლა და ბლოკჩეინების გამოყენება, ასევე, ფაქტია, რომ ეს ყოველივე გავლენას მოახდენს ფინანსური სერვისების მიწოდებაზე, თუმცა, რამდენად შეცვლის მთლიან ჩარჩოს, კობა გვენეტაძის თქმით, აღნიშნულის ანალიზს ჯერ ვერც ერთი დიდი ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვერ დებს, რომელთაც კვლევების ძალიან დიდი რესურსები აქვთ.