კობა გვენეტაძე - კორონავირუსის თანმდევმა მოვლენებმა ნავთობის ფასების რეკორდული შემცირება მოიტანა, ეს მოლოდინები გაცვლით კურსზე აისახა
კობა გვენეტაძე - კორონავირუსის თანმდევმა მოვლენებმა ნავთობის ფასების რეკორდული შემცირება მოიტანა, ეს მოლოდინები გაცვლით კურსზე აისახა

საქართველოს ეროვნული ბანკი ვითარებას აკვირდება, აანალიზებს და სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა ბერკეტის საშუალებით ადეკვატურ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კურსზე გავლენას ახდენს ახალი კორონავირუსის გავრცელების თანმდევი მოვლენების გამო შექმნილი მოლოდინები.

„ლარის ნომინალური ეფექტიანი კურსი მყარდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დაახლოებით 18 თეთრით გამყარდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების თანმდევმა მოვლენებმა მოიტანა ნავთობის ფასების რეკორდული შემცირება და რასაც დღეს ვხედავთ, არის ზუსტად ამ მოლოდინების ასახვა გაცვლით კურსთან დაკავშირებით. ამავე დროს, ის გაუფასურება, რომელიც ახლა ხდება, არის განსხვავებული 2019 წლის გაუფასურებისგან, რომელსაც გავლენა ჰქონდა ინფლაციაზე, რადგანაც მაშინ ჩვენ გვქონდა შიდა მოვლენებისგან გამოწვეული შოკი. დღესდღეობით ის მოვლენა, რომელიც გვაქვს, მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე ახდენს გავლენას და ლართან ერთად სხვა ვალუტებიც უფასურდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ როგორც წესი, ნავთობის ფასების დაცემა, შესაძლებელია,  კრიზისის მომასწავებელი იყოს და ამ დროს დოლარი მყარდება, რაც ნიშნავს, რომ სხვა ვალუტები უფასურდება.

„ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, ვაანალიზებთ და როგორც ადრე არაერთხელ გაგვიკეთებია, სიტუაციიდან გამომდინარე ადეკვატურ ზომებს მივიღებთ სხვადასხვა ბერკეტის საშუალებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ განვითარებას ექნება გავლენა ინფლაციის დონეზე, თავის ბერკეტებს გამოიყენებს. ზოგადად ასეთ შემთხვევებში, ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი მაკროეკონომიკური რეაგირება, საქართველოს აქვს ასეთი გამოცდილება 2014-2015 წლის შოკიდან გამომდინარე. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რომ ეკონომიკაზე გავლენა იყოს მცირე, რათა არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ნაკლები დანახარჯებით გამოვიდეს ეკონომიკა შექმნილი სიტუაციიდან“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს პოპულისტური და მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი ნაბიჯები აბსოლუტურად დამაზიანებელია და ეკონომიკაზე შემდეგ ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს.

„აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი მაკროეკონომიკირი პოლიტიკა. ხელისუფლებას აქვს ძალიან კარგი კოორდინაცია – ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ საკითხებს იქიდან გამომდინარე, რა განვითარებებიც ხდება. შარშან წლის ბოლოს გავაგრძელეთ ერთი წლით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაფინასებული პროგრამა, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. დღეს უკვე ჩანს, რომ წინდახედული ნაბიჯი იყო და თუ რამე დახმარება დაგვჭირდა ფინანსურად, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელი იქნება მისი მიღება.თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს საჭირო იქნება. როდესაც ქვეყანა სავალუტო ფონდის პროგრამის ქვეშ იმყოფება, მას გაცილებით ადვილად შეუძლია ასეთ ვითარებასთან გამკლავება. მთავარი არის სწორი მაკროეკონომიკური რეაგირება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით ერთი ამერიკული დოლარი დღეს 2.8463 ლარი ღირს.