კობა გვენეტაძე - კომერციული ბანკები დისტანციურად ვალუტის ისეთივე კურსს სთავაზობენ მოსახლეობას, როგორც ჯიხურები
კომერციული ბანკები დისტანციურად ვალუტის ისეთივე კურსს სთავაზობენ მოსახლეობას, როგორც ჯიხურები, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„გადამცვლელი ჯიხურები არ მუშაობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე საფრთხე შეექმნა სერვისს, რომელიც ვალუტის გადაცვლასთან არის დაკავშირებული. ამ სერვისს კომერციული ბანკები და მიკრო საფინანასო ორგანიზაციები ახორციელებენ. ამავე დროს, ეს დისტანციურადაც არის შესაძლებელი. მინდა, მომხმარებლების ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ კომერციული ბანკები დისტანციურად ისეთივე კურსს სთავაზობენ, როგორც ჯიხურები, ან მიკრო საფინანსო ორგანიზაციები და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული გადაცვლის ოპერაციების კურსი ისეთივეა, როგორც ჯიხურებში“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, გზავნილების მიღებაც ამ ორგანიზაციების საშუალებით ხდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„ზოგადად, სპექტრი, აბსოლუტურად ყველაფერი არის შენარჩუნებული. ეს არის სესხის გადახდა, დეპოზიტის გაკეთება და ა.შ. იმიტომ, რომ პროვაიდერები, პოსტტერმინალები, ბანკომატები აბსოლუტურად ყველაფერი მუშაობს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რთულია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სავალუტო პუნქტებთან დაკავშირებული შეზღუდვა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებულ სერვისს არავითარი საფრთხე არ შეექმნება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კიდევ აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი უახლოეს პერიოდში ინტერვენციის განხორციელებას, ან სხვა საფინანასო ინსტრუმენტების გამოყენებას, რომ ლარის გაუფასურება მეტ-ნაკლებად შეჩერდეს, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მოქმედება ყოველთვის ვითარების შესაბამისია.
„როდესაც იყო რეზერვების დაგროვების საშუალება, მაშინ ხდებოდა რეზერვების დაგროვება. როდესაც არის სხვა ვითარება, როცა ბაზრის დახმარებაა საჭირო, ბაზრის დახმარება მოხდება, მაგრამ ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საქართველოში არის მცურავი კურსი, რომელიც ყველაზე კარგი საშუალებაა, შოკები შთანთქას. ქვეყნები, რომლებიც კურსს მოქნილობას არ აძლევენ, მოკლევადიან პერიოდში ინარჩუნებენ კურსს, მაგრამ მათი ვალუტები გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში გაცილებით მეტად არის გაუარესებული, ვიდრე სხვა სიტუაციაში გაუარესდებოდა. ამის მაგალითები სამეზობლოშიც საკმაოდ ბევრია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, საქართველოში კვლავ რჩება და დარჩება მცურავი გაცვლითი კურსი, ხოლო ეროვნული ბანკი ბაზარზე ვითარების შესაბამისად ჩაერევა.