კობა გვენეტაძე - ინფლაციის მაჩვენებლის უფრო სწრაფად შემცირება უმუშევრობის ზრდას გამოიწვევდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტს 2018-2020 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.
კობა გვენეტაძემ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან ინდიკატორს წარმოადგენს. ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას იმგვარად წარმართავს, რომ ინფლაცია ეტაპობრივად მიუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.
„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის მისაღწევად შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ინფლაციის თარგეთირება არ გულისხმობს, რომ ინფლაცია მუდმივად მიზნობრივი მაჩვენებელის ტოლი უნდა იყოს – ინფლაცია ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე მაღალი, ზოგჯერ კი – მიზნობრივზე დაბალი, თუმცა საშუალოვადიანპერიოდში ის იმოძრავებს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედება ეკონომიკაზე დროითი ლაგით, ანუ გარკვეული დაყოვნებით აისახება, რაც, განვითარებულ ქვეყნებში არის 2-3 წელი, ხოლო საქართველოს მსგავს ქვეყნებში, 1-1.5 წელი.
„ინფლაციის მაჩვენებლის უფრო სწრაფად შემცირებაც არის შესაძლებელი, თუმცა ეს გამოიწვევდა ეკონომიკური ზრდის მკვეთრად კლებას და უმუშევრობის ზრდას. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია. შესაბამისად, მიღწეულია ეროვნული ბანკის მანდატით განსაზღვრული ამოცანა: ფასების სტაბილურობა და ამავე დროს ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
პერიოდზე გათვლით, ამ ფაქტორის გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.
„წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 6.9 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება, თუმცა, ინფლაციის აღნიშნული დონე ეროვნული ბანკის მიერ უკვე პროგნოზირებულ რიცხვებს შეესაბამება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ინფლაციას ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დროებითი ზრდის მიზეზებია – აქციზის გადასახადების მატება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში მიაღწევს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.