კობა გვენეტაძე - გვსურს, გვქონდეს კაპიტალის თავისუფალი მობილობა და აქტიური მონეტარული პოლიტიკა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა გვქონდეს მცურავი გაცვლითი კურსი
კობა გვენეტაძე - გვსურს, გვქონდეს კაპიტალის თავისუფალი მობილობა და აქტიური მონეტარული პოლიტიკა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა გვქონდეს მცურავი გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კობა გვენეტაძემ გამოცემის მთავარ რედაქტორ კრისტოფერ ჯეფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

შეკითხვაზე, თუ რატომ დანერგა სებ-მა ინფლაციის თარგეთირება და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რატომ მიიღო ეს მანდატი და რამდენად წარმატებით მუშაობს ამ დრომდე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უპასუხა, რომ როდესაც ქვეყანას უნდა აქტიური მონეტარული პოლიტიკა, ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია.

„მარტივად გეტყვით – როდესაც ხედავ, მონეტარული თარგეთირება არ ამართლებს, სხვა ნაბიჯები უნდა გადადგა. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი, ჩვენ ვხედავდით ფულის მასის აგრეგატებისა და ინფლაციის ურთიერთდამოკიდებულებას და ფულის მასას ვარგებდით იმ შედეგს, რომლის მიღწევაც გვსურდა. თუმცა, როდესაც ეკონომიკა იზრდება და ფინანსური სისტემა უფრო დახვეწილი ხდება, ეს მიდგომა ვეღარ ამართლებს. საქართველო მცირე, ღია ეკონომიკის ტიპის ქვეყანაა. ჩვენ არ ვართ ღრმად ინტეგრირებული ისეთ ეკონომიკასთან, რომელსაც სტაბილური მონეტარული პოლიტიკა აქვს. ვინაიდან გვინდა აქტიური მონეტარული პოლიტიკა, ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. ამასთან, როგორც დრო გვიჩვენებს, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. თუ გამოვიყენებთ „შეუძლებელი ტრილემის“ (impossible trilemma) შეზღუდვებს – ჩვენ გვსურს, გვქონდეს კაპიტალის თავისუფალი მობილობა და აქტიური მონეტარული პოლიტიკა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა გვქონდეს მცურავი გაცვლითი კურსი – ეს არის ოპტიმალური გამოსავალი პატარა, ღია ეკონომიკისთვის. ინფლაციის თარგეთირება საკმაოდ წარმატებით მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გარკვეული ინსტრუმენტების განვითარების პროცესში ვართ. მიუხედავად ამისა, თუ შეხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად 2000-2008 წლებისას, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 6.8 პროცენტი იყო. 2009 წელს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვის შემდეგ, ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.7 პროცენტია. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური და ინტელექტუალური შესაძლებლობის განვითარება, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოსთვის კარგი არჩევანია“, – განაცხადა Central Banking-თან ინტერვიუში კობა გვენეტაძემ.

ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.