კობა გვენეტაძე - გვაქვს საშუალება, გავაგრძელოთ ინტერვენციები ისე, რომ სავალუტო რეზერვები საგრძნობლად არ შემცირდეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიის გამო როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა.
კობა გვენეტაძის ინფორმაციით, გასულ წელს საერთაშორისო ვიზიტორების არ ჩამოსვლით, საქართველოს 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო შემოსავლის სახით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. თუმცა, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორც გასულ წელს, ისე მიმდინარე წელსაც ეროვნული ბანკი ინტერვენციების კუთხით საკმაოდ აქტიური იქნება და ბაზარს საჭიროებისამებრ მიაწვდის უცხოურ ვალუტას.
„პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზიანდა, რადგანაც პანდემიასთან გამკლავება, მობილობის შემცირებას მოითხოვს და რა თქმა უნდა ტურიზმი, აქტიური მობილობის გარეშე არ არსებობს. 2020 წლის განმავლობაში ჩვენ, ვერ მივიღეთ უცხოელი ტურისტები და 2020 წელს შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მლრდ დოლარი ვერ მიიღო, რაც ჩვენი ეკონომიკისათვის ძალიან დიდი თანხაა. 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ბაზარს განუწყვეტლივ აწვდიდა სავალუტო რესურსს, 916 მლნ დოლარი გავიტანეთ ბაზარზე. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ 2021 წელსაც მოგვიწევდა აქტიურობა სავალუტო ბაზარზე და ეს ასეც ხდება. იანვარში უკვე 80 მლნ დოლარი მივაწოდეთ ბაზარს. თუმცა შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ რამდენი იქნება საჭირო და რა ინტენსივობით. ჩვენ ვრჩებით სავალუტო ბაზარზე და ჩვენი აქტივობა დამოკიდებული იქნება საგარეო სექტორის დინამიკაზე, ბაზრის მოლოდინებზე, ტენდენციებზე, რომელსაც დავინახავთ და ამავე დროს ეკონომიკის აღდგენის ტემპებზე“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, როდესაც ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ერევა და მას ვალუტას აწვდის, ასეთ დროს სებ-ს არ აქვს რაიმე კონკრეტული ნიშნული გაცვლით კურსთან დაკავშირებით. გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას.
„მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობა აუცილებელია შოკებთან გამკლავებისთვის. რაც შეეხება რესურსების არსებობას, დიახ, ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები, რათა ხელი შევუწყოთ ბაზარს გამართულად მუშაობის გაგრძელებაში ამ რთულ პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვყიდულობდით ვალუტას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რისთვისაც ბევრ, გაუმართლებელ კრიტიკას იმსახურებდა ეროვნული ბანკი. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მაშინ ვყიდულობდით და დღეს გვაქვს რესურსები, ამავე დროს, იმის გამო, რომ ქვეყანაში განხორციელებული იყო სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა ხელისუფლების მიერ, ქვეყანამ მიიღო რესურსები, რომელიც ილექება ეროვნული ბანკის რეზერვებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება გავაგრძელოთ ინტერვენციები ისე, რომ საგრძნობლად არ შემცირდეს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ეროვნული ბანკის“, – აღნიშნა გვენეტაძემ.