კობა გვენეტაძე - გამკაცრებული პოლიტიკა ძალაში იქნება, ვიდრე არ გაჩნდება იმის მკაფიო ნიშნები, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ორდღიან ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ.
კობა გვენეტაძემ ფორუმის ფარგლებში ცენტრალური ბანკის მმართველთა სესიაში მონეტარული პოლიტიკის თემაზე ორი მიმართულებით იმსჯელა – ინფლაციური მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გლობალური გამოწვევების ფონზე, ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, რისკები და შესაძლებლობები. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
„ცენტრალურმა ბანკებმა საკმარისი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ უსაფუძვლო ინფლაციური მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რა იყო საწყისი გამომწვევი მიზეზი – მიწოდება თუ მოთხოვნა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მზარდი ინფლაციის ფონზე, რამდენჯერმე გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი და აქტიური კომუნიკაცია გასწია იმასთან დაკავშირებით, რომ გამკაცრებული პოლიტიკა მანამ იქნება ძალაში, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გაჩნდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ინფლაციური მოლოდინები ამ გზავნილს შეესაბამება, რადგან, მაგალითად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკის განაკვეთი, რადგან ბაზარი ინფლაციის შემცირებას მოელის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ციფრული ვალუტის პერსპექტივებზე და ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
Euromoney-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის ფარგლებში, Raiffeisen Bank International-ის ორგანიზებით, შედგა ინვესტორებთან შეხვედრა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ ერთობლივი პრეზენტაცია წარადგინეს.
ფორუმის დასრულების შემდეგ, Euromoney-ის ინიციატივით, 2022 წელს შექმნილი ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოების შეხვედრა გაიმართა, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავარმა ბანკირებმა დახურულ კარს მიღმა ცენტრალური ბანკებისთვის მნიშვნელოვანი თემები გლობალური გამოწვევების ფონზე განიხილეს.