კობა გვენეტაძე - ფული, რომელიც ყოველდღიურად შედის ეროვნულ ბანკში, თავსდება კარანტინში ორი კვირის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ამ მხრივ ვირუსის გადაცემის რისკი
ეროვნული ბანკის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენს ქმედებებზე არის დამოკიდებული, რამდენად გამართულად იმოქმედებს ამ რთულ პერიოდში ფინანსური სისტემა, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია, რათა გადაუდებელი სამუშაოები ქვეყანაში შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სერვისები, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ოპერაციებთან, სრულად იქნება შენარჩუნებული.
„ამ სიტუაციაშიც ის სერვისები, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ოპერაციებთან, სრული სპექტრი იქნება შენარჩუნებული და განხორციელებული. კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები, ამავე დროს, გადამცვლელი ჯიხურები იმუშავებენ. ყველა ოპერაცია, რომელიც დაკავშირებული იქნება გადახდასთან, სასესხო ოპერაციებთან, სადეპოზიტო ოპერაციებთან განხორციელდება. ბანკომატები, გადახდის აპარატები გააგრძელებენ მუშაობას. ეს ყველაფერი შენარჩუნდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოცხადდება საგანგებო ვითარება, რაც ნიშნავს, რომ იმ ძირითად ფუნქციას, რასაც ახორციელებს ეროვნული ბანკი, ის განხორციელდება“,- აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ფული, რომელიც ყოველდღიურად შედის ეროვნულ ბანკში, საკასო ცენტრში, კომერციული ბანკებიდან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან, თავსდება კარანტინში ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ამ მხრივ ვირუსის გადაცემის რისკი.
გვენეტაძის განცხადებით, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას.
„ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ იმ რისკთან, რომელიც ნაღდი ფულის მიმოქცევას მოჰყვება, ვირუსის გადატანასთან დაკავშირებით, ამაზეც ვიზრუნეთ და უკვე რამდენიმე დღეა, ის ფული, რომელიც ყოველდღიურად შედის ეროვნულ ბანკში, საკასო ცენტრში, კომერციული ბანკებიდან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან, თავსდება კარანტინში ორი კვირის განმავლობაში, როგორც მინიმუმ. და ამ პერიოდის განმავლობაში აღარ გავა უკან, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შევამცირებთ იმის რისკს, რომ აი, ამ მხრივ მოხდეს ვირუსის გადაცემა.
და ამავე დროს, კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია უკონტაქტო გადახდები, რაც შეიძლება შესაძლებლობის ფარგლებში, უფრო ხშირად გამოიყენონ ეს არაკონტაქტური გადახდები, რადგანაც ეს უფრო შეამცირებს რისკებს ამ მიმართულებით. ზოგადად, ფინანსური სექტორი მომზადებული ხვდება იმ გამოწვევას, გლობალურ გამოწვევას, რომელიც დღეს არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ იქნება სიძნელეები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პოლიტიკის გამო, რომელიც გავატარეთ, დღეს კარგად ვართ მომზადებულნი ამ გამოწვევის შესახვედრად“,- განაცხადა გვენეტაძემ.