კობა გვენეტაძე - ფულადი გზავნილების დადებითი ტენდენციები, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას და მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს
საქართველოში ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ფულადი გზავნილების ნაკადების მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ იქნება, როგორც პანდემიის დასაწყისში იყო.
„როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს. რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, მაშინ, როდესაც აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 42.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო მაისში კლების ტემპმა იკლო და 9.6 პროცენტი შეადგინა, ივნისში კლება უკვე ზრდით შეიცვალა და ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების მატება“, – აღნიშნავს კობა გვენეტაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8 პროცენტით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.