კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის წინდახედულმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, საფინანსო სექტორის მხარდასაჭერად სპეციალური საზედამხედველო გეგმა დაუყოვნებლივ აგვემოქმედებინა
კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის წინდახედულმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, საფინანსო სექტორის მხარდასაჭერად სპეციალური საზედამხედველო გეგმა დაუყოვნებლივ აგვემოქმედებინა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში წარიმართა, კობა გვენეტაძემ სექტორის მხრიდან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საბანკო სექტორთან, იღებს ყველა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებასთან. სექტორთან მსჯელობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების ფარგლებში დაიგეგმა და რომელიც ეკონომიკის საფინანსო სერვისების შეუფერხებლად უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებას; მაკროეკონომიკურ პროგნოზებს; ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულებაში შეტანილ ცვლილებებს; ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებს; არსებული შეზღუდვების პერიოდში დისტანციური საბანკო მომსახურების წახალისებას; ასევე, სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებას.

ვიდეოკონფერენციის დროს კობა გვენეტაძემ  ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საბანკო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული შეხვდა, მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, ისტორიულად დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში.

„ეროვნული ბანკი მუდმივად იღებს ინფორმაციას და საქმის კურსშია საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. სწორედ ეროვნული ბანკის გონივრულმა და წინდახედულმა საზედამხედველო პოლიტიკის გატარებამ დღეს საშუალება მოგვცა საფინანსო სექტორის მხარდასაჭერად დაუყოვნებლივ აგვემოქმედებინა სპეციალური დროებითი საზედამხედველო გეგმა, რაც საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს გაანეიტრალოს პოტენციური ზარალები, განაგრძოს ნორმალური ბიზნეს საქმიანობა და, რაც მთავარია, გააგრძელოს რეალური ეკონომიკის დაკრედიტება”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერიოდულად ჩატარდება. მომავალ კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებთან შეხვედრას გეგმავს.