კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვფიქრობ, სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება უფრო საინტერესო იქნება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, პრეზიდენტის რანგში დღეს მონეტარული პოლიტიკის სხდომაში ბოლოჯერ მონაწილეობდა. მისივე თქმით, პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება.
„დღეს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე ბოლოჯერ ვმონაწილეობდი პრეზიდენტის რანგში. ეს არის ჩემი 55-ე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და ამ პერიოდის განმავლობაში 12-ჯერ მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, 10-ჯერ შემცირება და 34-ჯერ საპროცენტო განაკვეთი უცვლელად იქნა შენარჩუნებული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძემ ისაუბრა პროცედურებზე, რომლებიც საჭიროა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნისთვის. გვენეტაძის თქმით, იმისათვის, რომ პირი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
„ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტი. კანდიდატურა იგზავნება პარლამენტში, ხდება განხილვა და დამტკიცების შემდეგ პიროვნება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ამჟამად ერთი ვაკანტური ადგილია. როცა ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი აღარ ეყოლება, საბჭო შეარჩევს პრეზიდენტობის კანდიდატურას და შემდეგ ის დამტკიცდება ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით. ხშირად ამბობენ, რომ პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტს. არ არის ასე, მას ირჩევს საბჭო და ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი“, – განაცხადა გვენეტაძემ.
შეკითხვაზე, მეორე ვადითაც დარჩებოდა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ახლა საკუთარ თავს სხვა პოზიციაზე და სხვა ადგილას ხედავს.
„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი, დიდი პრივილეგიაა, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მე მხვდა წილად ასეთი მაღალპროფესიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და ვცდილობდი, მეტად გამეზარდა ამ ორგანიზაციის პროფესიონალიზმი. 7 წელი იყო საკმაოდ საინტერესო, ბევრი გამოწვევით სავსე, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება სხვა მიმართულებით, სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება. ასე რომ, მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვფიქრობ“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
ამასთან, კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.
„ზოგადად, ვფიქრობ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ უნდა მოერიდოს არაპოპულარულ და არაპოპულისტურ გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეროვნული ბანკის მიერ პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება დაიწყება, ჩათვალეთ, რომ იმ დღიდან დაიწყება რისკფაქტორების დაგროვება მაკროეკონომიკასა და ფინანსურ სექტორში. ცოტა სხვანაირად რომ ვთქვა, არაპოპულარული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უდრის სწორ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სწორ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე ჯანსაღ და გამართულ ფინანსურ სისტემას. ადამიანს, რომელიც იქნება ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, უპირველესად, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, იმაზე მეტს მიაღწიოს, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს შევძელით. სადაც უნდა ვიყო და როგორც უნდა ვიყო, ყოველთვის გულშემატკივარი ვიქნები ამ ორგანიზაციის. ძალიან ხინჯად დამრჩება გულში, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ ვერ მოახერხა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა. რომ არა პანდემია და ომი, დიდი ალბათობით, საქართველოს უკვე საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა და მეც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ეს ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს. კონკრეტული რჩევა კი იქნება, რომ აუცილებლად გაგრძელდეს დედოლარიზაციის ღონისძიებები, რადგან დღეს დოლარიზაცია საქართველოს ფინანსური სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ დოლარიზაციის მაჩვენებლები საკმაოდ კარგად შემცირდა, იმაზე კარგად, ვიდრე ვვარაუდობდი, დღესდღეობით მაინც მაღალ დონეზეა. ამიტომ მინდა, ჩემს შემცვლელს ვუსურვო, არ მოადუნოს ყურადღება, აუცილებლად დაუღალავად გააგრძელოს დედოლარიზაციის ღონისძიებები, რამდენიც არ უნდა აკრიტიკონ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. ამჟამად ეროვნულ საბჭოში რვა წევრია, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრით იქნება დაკომპლექტებული. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პარლამენტი შვიდი წლით ამტკიცებს.