კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს
ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადა ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
„გლობალურად ცენტრალურმა ბანკებმა 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისაგან თავი შეიკავეს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების ზრდის და ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტების რისკები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრიდანვე დაინახა და ამ რისკების აღსაკვეთად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეტაპობრივად, 8.0 პროცენტიდან 10.5 პროცენტამდე და მოგვიანებით უკვე 11%-მდე გაზარდა. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს. მისი თითოეული გადაწყვეტილება არის ოპტიმალური და ის ცდილობს, მოძებნოს ოქროს შუალედი ფასების სტაბილურობის ყველაზე ნაკლები დანახარჯებით შესანარჩუნებლად. როგორც ეს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონშია განმარტებული, „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.