კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ქულების დაგროვებისთვის არ მუშაობს
ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ქულების დაგროვებისთვის არ მუშაობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ხშირად ეროვნულ ბანკს ქვეყნისთვის საფრთხეების ასაცილებლად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს.
„შეგიძლიათ, გადახედოთ არაერთ შეფასებას საერთაშორისო ორგანიზაციების, სარეიტინგო კომპანიების, რომლებიც ეროვნული ბანკის მუშაობას ბრწყინვალე შეფასებას აძლევენ. სამწუხაროდ, საქართველოში ეროვნული ბანკის მუშაობის შეფასება ხდება გაცვლითი კურსის მოძრაობის მიხედვით, მაგალითად, თუ გაცვლითი კურსი უფასურდება, ესე იგი, ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არ მუშაობს კარგად და ვერ ართმევდა თავს საკუთარ ვალდებულებებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს მცდარი და არასწორი შეფასებაა. როგორც გვენეტაძე განმარტავს, ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის სავალუტო კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ მისი ფუნქციაა დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, ფინანსური სტაბილურობა და გამჭირვალობის, ასევე ფინანსური სექტორისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
„აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს ზუსტად ეროვნული ბანკის მიერ გაწეული მუშაობა. აბსოლუტურად მესმის მათი, ვინც ამ შეფასებაში მიიღო მონაწილეობა, ეს გარკვეულწილად ფინანსური განათლების საკითხებზეც მიგვანიშნებს, თორემ, სხვა შემთხვევაში, ძალიან მარტივი იქნებოდა გამოსავალი. მოდით, მაშინ კანონის დონეზე მივიღოთ, რომ გაცვლითი კურსი იქნება ფიქსირებული და მაშინ მოგვარდება ყველა პრობლემა, დამიჯერეთ ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება თუ ასეთი რამ გაკეთდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით და ვიცით რაც ხდება, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას, რაც ჩვენი მანდატია და ისევ, არ ვმუშაობთ ქულების დაგროვებაზე, ჩვენ ვემსახურებით ფინანსურ სისტემას და ეკონომიკას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62 პროცენტის დამოკიდებულება ეროვნული ბანკის მიმართ ნეგატიურია.