კობა გვენეტაძე დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს აცნობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს 2020 წლის ანგარიშს აცნობს.
გვენეტაძის თქმით, წლიური ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას, ასევე აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა.
„2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა და გატარებულმა პოლიტიკამ, არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა. პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ადეკვატური, დროის შესაბამისი პოლიტიკის გატარება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დონორებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომლის შედეგადაც ქვეყანამ უმოკლეს ვადებში მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარების მობილიზება შეძლო.
კოვიდ პანდემიის გამო შექმნილი ვითარება განსაკუთრებით რთული და არაორდინარულია. ეკონომიკის აღდგენა და მდგომარეობის ნორმალიზება მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვადებში იქნება შესაძლებელი პანდემიის დაძლევა საქართველოში და გლობალურად.
მაკროეკონომიკურად ძალზე რთული 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს. ამას ადასტურებენ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაც – სარეიტინგო სააგენტოები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიისა განვითარების ბანკი, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი და სხვა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას, საშუალოვადიან პერიოდში ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მხარდაჭერით.
„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული.
ინფლაციის თარგეთირებაზე ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. მას შემდეგ (2009-2020 წლებში) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.7 პროცენტია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმამდე, 1996-2008 წლებში, ინფლაცია საშუალოდ 10.2 პროცენტი იყო.
საქართველოში ისევე, როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც, შესაძლებელია, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს. მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობას და გრძელვადიან პერიოდში, დასაქმების შემცირებას გამოიწვევს“, – განაცხადა კობა გვენტაძემ.