კობა გვენეტაძე - ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, სწორედ ამისკენ არის მიმართული ყველა ღონისძიება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) „რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია”, ონლაინპრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ ეკონომიკურ ზიანზე, რაც COVID-19-ისა და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მიადგათ.
მიმართვის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერისა და ოპერატიული ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სსფ-ს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, აქეთ არის მიმართული ყველა ჩვენი ღონისძიებაც. საკმაოდ ეფექტიანი იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღება. ამ რეგულაციისა და კიდევ სხვა მთელი რიგი საზედამხედველო პოლიტიკის ღონისძიებების შედეგად მივიღეთ დღევანდელი ფინანსური სისტემა: ძლიერი კაპიტალით, მაღალი ლიკვიდობით და მდგრადი აქტივებით. იმისთვის, რომ მზად ვყოფილიყავით ნეგატიური შოკებისთვის, გასულ წლებში, ჩვენ მივმართავდით საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რაც სხვადასხვა ტრიბუნებიდან დისკუსიის საგანი არაერთხელ იყო. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ მოგვცა საშუალება, შეგვემცირებინა ფასებთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკები”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პრეზენტაციისას ასევე, იმსჯელეს არსებული გაურკვევლობის ფონზე ახალ გამოწვევებზე, შოკების თავისებურებებზე, საპასუხო რეაგირებაზე და სამომავლო პერსპექტივაზე.
კობა გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა რეგიონული ინტეგრაციისა და სავაჭრო არხების მნიშვნელობა დღევანდელ ვითარებაში.
„უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული ჩაკეტილობა ნათელი დასტურია, თუ როგორი არაეფექტური და დამანგრეველია ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება“, – განმარტა კობა გვენეტაძემ.
ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიგნით ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.
კობა გვენეტაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყაზახეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, კაირატ კელიმბეტოვი.
ონლაინ პრეზენტაციის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ეკონომიკური კვლევითი ცენტრების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.