კობა გვენეტაძე - ჩემთვის გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ამ დარბაზში ზის, დარღვევების აღკვეთა 2007 წელს
ჩემთვის გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც დღეს ამ დარბაზში ზის, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს, – ამ სიტყვებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ რომან გოცირიძეს უპასუხა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სამი წელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტია და წინამორბედების საქმიანობა არასდროს შეუფასებია, თუმცა დღეს ამის გაკეთება უწევს.
„დღეს უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც დღეს დარბაზში ზის, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს, მაშინ, როდესაც კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია და ამაზე უკეთესი ბერკეტი ელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ. ასევე, ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, რომელსაც ამ საკითხებში გათვითცნობიერებულობას ვერ მოვთხოვთ. კერძოდ, მან განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული კაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც, თითქოსდა, სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. განვუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილის გაყიდვით ან დივიდენდის სახით. ხოლო, თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება. ამას, ასევე პოპულარული ენით რომ ვთქვა, ბანკის მეანაბრეების თანხების საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. აღარაფერს ვამბობ, რომ ასეთი ქმედება კანონმდებლობით მაშინაც და ახლაც აკრძალულია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.