კობა გვენეტაძე - ჩემი მოვალეობაა, მივიღო საჭირო,ზოგჯერ არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად, მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა  
კობა გვენეტაძე - ჩემი მოვალეობაა, მივიღო საჭირო,ზოგჯერ არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად, მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა  

სადავო საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს, პარლამენტის სხდომებზე საზედამხედველო ღონისძიებების განხილვა რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას, – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

კობა გვენეტაძემ სესიაზე დღეს მოხსენება საბანკო რეგულაციებისა და ასევე, „თიბისი ბანკის“ საზედამხედველო საკითხებზე წარადგინა.

როგორც მან სესიაზე განაცხდა, საფინანსო სექტორი ეკონომიკის ის სექტორია, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს მშვიდ გარემოს.

„შესაბამისად, შექმნილი აჟიოტაჟი საფინანსო სექტორის განვითარებაზე დადებითად არ აისახება. საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკი არის ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის წარმმართველი და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის მიერ კონკრეტულ  ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის (მათ შორის, კომერციული ბანკის) მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ზომების საჯარო განხილვა დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამით საფრთხე ექმნება საბანკო-საფინანსო სექტორის სტაბილურობას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტის სხდომებზე კონსტიტუციით უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი მანდატის მქონე რეგულატორის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებების განხილვა, მით უფრო კონკრეტული საზედამხედველო ზომების გამოყენების თაობაზე, აყალიბებს საფრთხის შემცველ პრაქტიკას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობას, გამოიწვევს საზედამხედველო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების შეზღუდვას და, საბოლოო ჯამში, რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას.

„სადავო საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, სწორედ ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში.

„ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა, მათ შორის საზედამხედველო პოლიტიკა, შეფასებულია არაერთი საერთაშორისო, პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ და ეს შეფასება არის ყოველთვის საუკეთესო. საუკეთესო და სამაგალითო სხვა, მათ შორის განვითარებული, ქვეყნებისთვისაც. ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს, ინტერვიუებს, შემოწმებებს, გამოკითხვებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. სწორედ ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში. უკომპრომისო საბანკო ზედამხედველობის შედეგია, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებაც ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკასა და წარმატებულ რეფორმებს ატარებს.

„ჩემი მოვალეობაა მივიღო საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად, მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი, მისი ფინანსური სტაბილურობის მანდატით, მომავალშიც, სრულად და დარღვევის პროპორციულად, განახორციელებს ყველა საზედამხედველო ღონისძიებას, რაც ჯანსაღი საფინანსო სისტემის ფუნქციონირებისთვისაა უცილებელია.