კობა გვენეტაძე - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებში განთავსებული ლარის დეპოზიტები საშუალოდ წლიურად 20 პროცენტზე მატად იზრდებოდა
სტატისტიკის მოყვარულებისა და „ურწმუნო თომებისთვის“-ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებში განთავსებული ლარის დეპოზიტები საშუალოდ წლიურად 20 პროცენტზე მატად იზრდებოდა და ჯამურად 146 პროცენტით გაიზარდა. იმავე პერიოდში, უცხოური ვალუტის დეპოზიტების საშუალო წლიური ზრდა რვა პროცენტი იყო, ხოლო ჯამურად 50 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.
კობა გვენეტაძის თქმით, მიმდინარე წელს, ლარის დეპოზიტები საშუალოდ წლიურად 15%-ით იზრდება, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი, ცხრა პროცენტით.
„მხოლოდ ვადიან დეპოზიტებსაც თუ ავიღებთ, კონტრასტი კიდევ უფრო გამოკვეთილია. კერძოდ, ლარის ვადიანი დეპოზიტები 2016-2020 წლებში საშუალოდ წლიურად 30%-ზე მეტად იზრდებოდა და ჯამურად 266%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში, უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტებისთვის ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 6% და 30% იყო. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ლარის ვადიანი დეპოზიტები საშუალოდ წლიურად 40%-ით იზრდება, ხოლო უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტები კი, მხოლოდ 10%-ით“, – აცხადებს კობა გვენეტაძე.