კობა გვენეტაძე - არსებული პროგნოზით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა ნავარაუდევზე ხანგრძლივად დარჩება, შემცირებას კი, წლის მეორე ნახევარში დაიწყებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაისის თვის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიში“ გამოაქვეყნა, რომელშიც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები დეტალურად არის აღწერილი. ასევე მოცემულია ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები.
ანგარიშის შესახებ განმარტება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მისი განცხადებით, გლობალურმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, რამაც გავლენა საქართველოზეც მოახდინა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის მაჩვენებელზე და მისი ზრდის მიზეზებზე ისაუბრა.
„2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4 პროცენტი შეადგინა. თუმცა, შემდგომ, „კოვიდ-19“-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზეც იმოქმედა. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების წარმოების ხარჯების ზრდა. შედეგად, მარტში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, აპრილში კი, 6.9 პროცენტამდე გაიზარდა. ამავე დროს, საგარეო და შიდა მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციის შემცირებას განაპირობებს. არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ნავარაუდევი იყო, თუმცა, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება“, – აცხადებს კობა გვენეტაძე.
მისი თქმით, ინფლაციის გრძელვადიანი დინამიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ერთობლივი მოთხოვნა იქნება.
„განახლებული პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკის 4 პროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი, რასაც როგორც ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების კლება, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება განაპირობებს. მოსალოდნელი შემცირება უკვე გამოჩნდა ბოლო მონაცემებში. მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. 9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ფულად გზავნილებშიც. ამასთანავე, 13 პროცენტით შემცირებულია იმპორტიც, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს. მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირების მოლოდინის გათვალისწინებით, არსებულ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 29 აპრილის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5 პროცენტამდე შეამცირა“, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ამასთან, მისი თქმით, შეიძლება, დაისვას კითხვა, რატომ ამცირებს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მაშინ, როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე საგრძნობლად მაღალია. კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იღებს არა მიმდინარე ინფლაციაზე დაყრდნობით, არამედ ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზის გათვალისწინებით.
„შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრებული რჩება. მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად განხორციელდეს, რაც აუცილებელია, რათა ინფლაციის მოლოდინები არ გაიზარდოს. ამასთან, მოცემული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია დაპირება არ არის, ეს არის დღევანდელი ხედვა და ახალი ფაქტორების გამოვლენასთან ერთად, შესაძლოა, გადაიხედოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებულია მიზნობრივი დონისგან. თუმცა, როგორც გვენეტაძემ განმარტა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებლისკენ იმოძრავებს.
„ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ინფლაციის მაქსიმალურ დონეს ან ინფლაციის ლიმიტს. როდესაც ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს – ზოგჯერ მის ზემოთ და ზოგჯერ ქვემოთ, საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია“, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
მონეტარული პოლიტიკის ანგარიში ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. მასში მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ფაქტორები, რასაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეფუძნება.