კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ცვლილებებს განახორციელებს, თუმცა რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნდება
კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ცვლილებებს განახორციელებს, თუმცა რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი შედეგები განიხილეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონაცემების დინამიკა მოლოდინებთან სრულად შესაბამისია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები ეროვნულ ბანკში მუდმივად იმართება, რაც სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას ინფორმაციის მოპოვებითა და სტატისტიკური მასალის ანალიზზე დაყრდნობით განაგრძობს, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს განახორციელებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნდება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეროვნული ბანკი განმარტვს, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება, მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.  უწყების ინფორმაციით, ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა – ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა.