კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ინფლაციაზე სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამ იმოქმედა
ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის – მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის, ანუ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში სესიაზე განაცხადა.
გვენეტაძის თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება.
„იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება. საყურადღებოა, რომ საქართველო 2020 წლის პანდემიას შედარებით მაღალი ინფლაციით შეხვდა, რაც ტურიზმის სექტორისთვის 2019 წლის რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლის შეზღუდვის შოკის შედეგს წარმოადგენდა, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული პოლიტიკის შედეგად, 2020 წლის დასაწყისში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებითმა მოშლამ, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვამ და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ინფლაციაზე წნეხი კვლავ გაზარდა. პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ“, – განმარტა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა.
„2021 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება. ნოემბერში ინფლაციამ 12.5 პროცენტი შეადგინა. გაძლიერებული ინფლაციური წნეხის მიზეზი როგორც კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება, ასევე შემდგომი აღდგენითი პროცესებია. კერძოდ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პერიოდულ გამოცემებში გლობალური ინფლაცია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამოსარჩევია სურსათის გაძვირება – პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზეა. სურსათის გაძვირებამ განსაკუთრებით იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე, სადაც სურსათის წონა სამომხმარებლო კალათაში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია. საქართველოს სამომხმარებლო კალათაშიც სურსათის წონა მაღალია და 29%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სურსათის ფასის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – აღნიშნავს კობა გვენეტაძე.
კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, სავალუტო ბაზრის თემაც.
აღინიშნა, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს.
ამასთანავე, გვენეტაძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა.
კობა გვენეტაძის თქმით, ყოველივე ეს ეროვნულ ბანკს, საჭიროების მიხედვით, სავალუტო ინტერვენციების განხორციელების და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას აძლევს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან, სებ-მა ბაზარს მილიარდ 273 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა.