კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე სავარაუდოდ 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვებიდან წლის ბოლომდე გასაყიდად გამოსატანი თანხა სავარაუდოდ 200 მილიონ აშშ დოლარს იგადააჭარბებს.
„გარდა ინტერვენციისა, ყოველდღიურ ვაჭრობებში ჩვენ ახალი მექანიზმიც დავნერგეთ და ეროვნული ბანკი წესზე დაფუძნებული პოლიტიკის შესაბამისად ასევე მიაწვდის ვალუტას ბაზარს. ეს ხდებოდა როგორც აქამდე, ასევე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. გაჟღერდა კითხვა, რომ ეროვნული ბანკი კიდევ 200 მილიონი დოლარის გაყიდვას აპირებს. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და ამავე დროს, იმ დახმარების საშუალებით და იმ რეზერვების დაგროვების საშუალებით, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებდა, ვფიქრობ, ეს თანხა უფრო მეტი იქნება წლის ბოლომდე, ვიდრე 200 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, აშშ დოლართან მიმართებით ლარი დაახლოებით ორი პროცენტით გაუფასურდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ზოგადად, მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე არის ხოლმე დროებითი დაძაბულობა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. ამავე დროს, როგორც აღვნიშნე, ამ უპრეცედენტო შოკის გამო, ჩვენ აქტიურები ვართ სავალუტო ბაზარზე, როგორც მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე პანდემიის მომავალი დინამიკიდან გამომდინარე. სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც ვიაქტიურებთ. მოგეხსენებათ, რომ ის მიდგომები, რომლებიც ეროვნულ ბანკს აქვს, არის გამოწვეული სწორედ ამ პანდემიიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პოლიტიკა იქნებოდა ისევ ისეთი, როგორი ადრე იყო – რა თქმა უნდა, მოქნილი გაცვლითი კურსი საჭიროების მიხედვით საერთაშორისო რეზერვების დაგროვება. როდესაც პანდემიის პერიოდი დამთავრდება და ეკონომიკა კვლავ გაჯანსაღებულ ტრაექტორიაზე გადავა, ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს ამ პოლიტიკას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.