კობა გვენეტაძე - 2021 წლის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხების წილი 4,5%-დან 8,4%-მდე გაიზარდა
2021 წლის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხების წილი 4,5%-დან 8,4%-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ვადაგადაცილებული სესხების წილის ზრდა, კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ შესაძლებელია სესხების რესტრუქტურიზაცია გადამხდელზე მორგებული გრაფიკით მოხდეს.
„გადავადების მეორე ტალღის შემდგომ, ეროვნულმა ბანკმა წახალისების შედეგად, დეკემბრის ბოლოს გადავადების მესამე ტალღა დაიწყეს. მსესხებლების შემთხვევაში, რომლებიც შემოსავლის დაკარგვის გამო ვერ ახერხებენ და სჭირდებათ შემდგომი საშეღავათო პირობები, სებ-ი არ სთხოვს კომერციულ ბანკებს მოსალოდნელი დანაკარგის დამატებითი რეზერვის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის გამოც კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ასეთი მიდგომა გააგრძელონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში. შესაძლებელია სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს ისე, რომ გადამხდელზე მორგება მოხდეს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძე ასევე პასუხობს კრიტიკას იმის შესახებ, რატომ არ ხდება საბანკო ვალების ჩამოწერა.
მისი განმარტებით, ბანკები გასცემენ სესხებს გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ, რომელიც არ შემცირებულა, რის გამოც შეუძლებელია, რომ ჩამოწერა მოხდეს.
რაც შეეხება ვადაგადაცილებული სესხებს, გვენეტაძის თქმით, 2021 წლის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხების წილი 4,5%-დან გაიზარდა და ამჟამად 8,4%-ს შეადგენს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ პიკის შემთხვევაში წლის პირველ ნახევარში ზრდა იქნება დაახლოებით 10%, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური გავლენა არ იქნება, რადგან წინმსწრებად ბანკებმა შეაფასეს მოსალოდნელი დანაკარგები და რეზერვები შექმნეს“, – აცხადებს გვენეტაძე.
კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ პრობლემა უმეტესად ექმნებათ იმ მსესხებლებს, რომლებსაც ვალდებულება უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. ამიტომ, გვენეტაძის თქმით, სესხის აღება უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რომელშიც ადამიანს შემოსავალი გვაქვს.