კობა გვენეტაძე - 2020 წელს საბანკო სისტემა პანდემიას მომზადებული შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა პანდემიას მდგრადი მდგომარეობით შეხვდა და საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გააგრძელოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი საზედამხედველო ღონისძიებები გაატარა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.
„საქართველოს საბანკო სისტემა 2020 წლის ბოლოსთვის ბაზელ III-ზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებული საზედამხედველო ღონისძიებების გათვალისწინებით, კვლავაც კაპიტალის ადეკვატურ დონეს ინარჩუნებდა.
კორონავირუსის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი საზედამხედველო ღონისძიებები გაატარა. ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი, ამ რისკების შემცირებისთვის, საპასუხო პოლიტიკას ატარებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდას უწყობს ხელს. გასულ პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს კორონავირუსისგან მომდინარე სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა.
ასევე, 2020 წელს საბანკო სისტემა პანდემიას აქტივების მდგრადი ხარისხით შეხვდა, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ შეუწყო ხელი. გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა და წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტების დაწესებამ ბანკების დაფინანსების წყაროების მდგრადობა და ლიკვიდობის ბუფერის სოლიდურობა განაპირობა. დამატებით, 2020 წელს, იმისათვის, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული მსესხებლების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ შეზღუდულიყო და მათი ლიკვიდობის მოკლევადიანი გამოწვევები გადახდისუნარიანობის გრძელვადიან პრობლემებში არ გადაზრდილიყო, ეროვნულმა ბანკმა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები გააფართოვა, ხოლო, შემუშავებული საზედამხედველო გეგმის ფარგლებში, ბანკების კაპიტალის ბუფერების ნაწილი გამოთავისუფლდა.
აღნიშნული ღონისძიებები თანხვედრაშია კორონავირუსის შოკის საპასუხოდ სხვა ცენტრალური ბანკების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან და ისტორიული შოკების გამოცდილებით, დღეს უკვე აუცილებელ ანტიკრიზისულ ზომებად მიიჩნევა. პანდემიის შედეგად, უმოქმედო სესხების წილი გაიზარდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა შესაძლო დანაკარგებისთვის რეზერვები წინმსწრებად შექმნეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა პანდემიას მდგრადი მდგომარეობით შეხვდა და საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გააგრძელოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.