კობა გვენეტაძე - 2019 წლის ბოლოსკენ-2020 წლის დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი იქნება ნეიტრალურ მაჩვენებელთან ახლოს
კობა გვენეტაძე - 2019 წლის ბოლოსკენ-2020 წლის დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი იქნება ნეიტრალურ მაჩვენებელთან ახლოს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „როიტერსთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ბანკი გეგმავს მონეტარული პოლიტიკის ზომიერ შერბილებას საშუალოვადიან პერიოდში.

„2017 წელს წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, რითაც ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლისთვის დადგენილ 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. 2018 წლის იანვარში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.3 პროცენტამდე შემცირდა. “ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი  განაგრძობს შემცირებას მიმდინარე წლის განმავლობაში და  საშუალოდ ინფლაცია ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინტერვიუში.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ თებერვალში წლიური ინფლაცია იანვრის მაჩვენებელზე დაბალი იქნება, თუმცა სამომხმარებლო ფასები ცვალებადია.

როგორც „როიტერსთან“ საუბრისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, 2016 წლის 2.8-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4.8 პროცენტით, ძირითადად ექსპორტისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მატების გამო.

მისივე თქმით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპებიდაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის,მომსახურებისა და უძრავი ქონების დარგებში. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომლის ტერიტორიაზე გამავალ მილსადენებს გადააქვს კასპიის ნავთობიდა გაზი ევროპაში, ეკონომიკური ზრდა შეფერხდა ექსპორტის კლებისა და ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების მკვეთრი გაუფასურების შედეგად. ახლა კი გაჯანსაღების პროცესები მიმდინარეობს.

გვენეტაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტიდან 7.25 პროცენტამდე გაზარდა, იანვარში კი  უცვლელი დატოვა. ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას „გარკვეული პერიოდის შემდეგ“ დაუბრუნდება.

„2019 წლის ბოლოსკენ – 2020 წლის დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი იქნება ნეიტრალურ მაჩვენებელთან ახლოს, რაც 5-6 პროცენტია. ჩვენ  შეიძლება უფრო ადრეც – მიმდინარე წლის განმავლობაში, დაგვჭირდეს პოლიტიკის შერბილება“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

გვენეტაძემ განაცხადა, რომ წელს ის მოელის ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომ შემცირებას. 2016 წლის დაფიქსირებული 12.8 პროცენტის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 2017 წლის მესამე კვარტალში 2.9 პროცენტამდე შემცირდა.

„ვფიქრობ, 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება და ველი, რომ ისკიდევ უფრო გაუმჯობესდება 2018 წელს“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, მიმდინარე ეკონომიკური ინდიკატორები მიუთითებს, რომ 2018 წელს „იქნება ეკონომიკის გასულ წელს დაწყებული გაჯანსაღების გაგრძელება. 

 „ამ ადრეულ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 4.5 პროცენტთან ახლოს, რაც სოლიდური ზრდაა. სჯობს, კონსერვატულად მივუდგეთ სიტუაციის შეფასებას,“ –  განაცხადა გვენეტაძემ.