კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო კამპანიას იწყებს. საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება დღეს თბილისში გაიმართა.
კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ მთელი საქართველოს შემოვლას აპირებენ, საზოგადოებას და ამომრჩეველს ხედვებსა და პროგრამას გააცნობენ.
მათივე განცხადებით, პროგრამა იქნება სერიოზული, სოლიდური, პრაქტიკული და ამბიციური, საქართველოში ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართული. დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე აღნიშნეს, რომ არის ცვლილებების შესაძლებლობა და მათი კოალიცია არის ალტერნატივა.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს არ სჭირდება ძველი პოლიტიკოსების დაბრუნება, რომლებიც უარყო ქართველმა ხალხმა.
„საქართველოს არ სჭირდება იმ ორი პარტიის დაბრუნება, რომელმაც ასე მოატყუა ქართველი ხალხი, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ რეალურ ალტერნატივას, რომელიც, თქვენთან ერთად, ამ ახალგაზრდებთან ერთად, შექმნის ძლიერ საქართველოს. ეს არის იმ კოალიციის სახელი, რომელიც გვაერთიანებს. მინდა, გითხრათ, რომ თუ თქვენ გჯერათ, რომ ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და მისი ადგილი ევროპაშია და არა პუტინის ჯიბეში, მაშინ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდეთ. თუ გჯერათ, რომ ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, სამუშაო ადგილები მაღალი ანაზღაურებით, სერიოზული პერსპექტივით, სადაც თითოეული ადამიანი იგრძნობს ამ პროცესის თანამონაწილედ თავს, უნდა შემოგვიერთდეთ. თუ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში დაცული იქნება ბავშვების უფლებები, პენსიონერების უფლებები, უნდა შემოგვიერთდეთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.
„ხვალიდან ჩვენ შემოვივლით მთელ საქართველოს და ხალხს გვაცნობთ გეგმას, როგორ უნდა შევიდეს საქართველო ევროკავშირში, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ უნდა დავაფუძნოთ საქართველოში სერიოზული განათლების სისტემა, როგორ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ზოგადად ადამიანის მიმართ, როგორ ავაღორძინოთ სოფელი და ა.შ. ამას ჩვენ გავაკეთებთ იმ პროგრამის საშუალებით, რომელსაც სულ რაღაც ათ დღეში დეტალურად გაგაცნობთ, რომელშიც ჩვენ გვინდა თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა, იმიტომ, რომ არ არსებობს პარტია, რომელიც ხალხის გარეშე რაღაცის რეფორმას აპირებს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.