„კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველ არხზე დღეს საარჩევნო სუბიექტების დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს
დღეს, 22:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები გაიმართება, მას გიორგი გვიმრაძე გაუძღვება.
დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღო ექვსი კვალიფიციური პარტიის, კერძოდ: „კოალიციის ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპელი დემოკრატების“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს, თუმცა „კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
საქართველოს პირველი არხი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს ექნებათ საშუალება, ამომრჩეველს საკუთარი პოზიცია თანაბარ პირობებში გააცნონ. მონაწილეების რიგითობა მათი საარჩევნო ნომრის მიხედვით განისაზღვრა. სპიკერები თავად პარტიებმა შეარჩიეს: „გირჩი“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გოჩა თევდორაძე, „ევროპელი დემოკრატები“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი მიქანაძე. წამყვანის შეკითხვების გარდა, მონაწილეებსაც შეუძლიათ, ერთმანეთს კითხვები დაუსვან.
დებატები, რომელიც, სულ მცირე, საათ-ნახევარი გაგრძელდება, პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარე პირველი არხის ახალ შენობაში, ახალ სტუდიაში გაიმართება. პარტიების წარმომადგენლებს თანაბარი პირობები ექნებათ, რათა ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ. დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო თარგმანით. საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს დებატების თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, ის გადაიცემა საქართველოს რადიოს ეთერით.