კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის” ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს
კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის” ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს.
ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ავრცელებს.
„საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი მცირდება. ამას მოწმობს NDI-ის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერი – 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში, ხოლო 60% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა; ამ მონაცემების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ (რომელიც 2017 წლის აპრილის განწყობებს ასახავდა), ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5 %-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რიცხვი კი 8 %-ით გაიზარდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8%-ით მეტი გამოკითხული უჭერს მხარს, ვიდრე – ნატო-ში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს.
მიგვაჩნია, რომ ამ მაჩვენებლების დინამიკა ძალიან შემაშფოთებელია და მოწმობს საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის არაფექტურობაზე და ხშირ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულობაზე.
იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო აცნობიერებს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საზოგადოების ცნობიერებასა და განწყობებზე ზემოქმედებაა, საქართველო კი ამ გამოწვევების ეპიცენტრში დგას, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, საზოგადოებასთან, ასევე ევროსტრუქტურებთან არაეფექტურია. გაუმართავია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და უწყებებს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხების კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმებიც.
პოზიტიურად უნდა შეფასდეს 2017 წლის 13 აპრილს, მთავრობის მიერ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“ დამტკიცება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატში შემუშავდა. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ამ დოკუმენტის, ასევე ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სამთავრობო სტრატეგიის (2014-2017 წლები) სამოქმედო გეგმები ვერ პასუხობენ ჰიბრიდული და კერძოდ, საინფორმაციო ომის მზარდ გამოწვევებს.
ამ სტრუქტურულად გაუმართავ და ფრაგმენტულ გეგმებში გაწერილი აქტივობების მნიშვნელოვან ნაწილს საერთო არაფერი აქვს სტრატეგიულ კომუნიკაციასთან; მაგალითად, მათში შესულია ისეთი აქტივობები როგორიცაა გამწვანების აქციები, ნარჩენების მართვის ტრეინინგები, ადამიანით ვაჭრობის პრევენციის კამპანია, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სასკოლო შემეცნებითი ღონისძიება – ბაღის ფრინველთა საათი, ვანის სატაძრო ქალაქისა და მისი შემოგარენის აეროფოტოგრაფირება და სხვა.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაში სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის, აღსრულებისა და კოორდინაციის პროცესის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა და მათი ეფექტურად ამუშავებისათვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა რგოლი, სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტული წრეები, რამდენადაც ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ დონეზე ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის და მისი სტრატეგიული კომუნიკაციის წარმატებისთვის. კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის მზადაა ამ საკითხებზე ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს გაერო-ს ასოციაცია; სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; კავშირი საფარი; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; ხმა საქართველოდან; ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი;