კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიმდინარე პროცესს აფასებს
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიმდინარე პროცესს აფასებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიმდინარე პროცესს აფასებს.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, პროცედურის მიმდინარეობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც კანდიდატთა შერჩევის პროცესს ჩრდილს აყენებს და ხელს უშლის მის გამჭვირვალედ და ლეგიტიმურად წარმართვას.

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე უზრუნველყოს პროცესის სრული გამჭვირვალობა, კანდიდატებთან გასაუბრებას დაეთმოს გონივრული დრო და საბჭოს წევრებმა დასვან ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მიიღონ სათანადო ინფორმაცია კანდიდატის წარსულის, მისი პროფესიული გამოცდილების, ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ;

ასევე კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს მოუწოდებს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, უარი თქვას საბჭოს მდივნის მოვალეობების შესრულებაზე ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდიდატობაზე;

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოუწოდებს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თამარ ონიანს და ირაკლი შენგელიას: არ მიიღონ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებში; ხოლო საქართველოს პარლამენტმა დროულად განიხილოს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავასთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. მოსმენა თითოეულ კანდიდატთან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. გასაუბრების დაწყებამდე მოისმენენ კანდიდატის ბიოგრაფიულ მონაცემებს; ამის შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კითხვებს დასვამენ, რომელიც შეძლებისდაგვარად ერთნაირი სირთულის უნდა იყოს.

საბჭომ 50-კაციანი სიიდან პირველი ხუთეული ანბანის პრინციპით შეარჩია. ეს კანდიდატები არიან: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი.