„კოალიცია გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობა სასწრაფოდ დაიწყოს
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტისგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს, – ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც კოალიციაში განმარტავენ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არ არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ორგანული კანონით დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კანდიდატთა ნომინირების წესი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე, გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი გახმაურებულ საქმეებზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით, მისი მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პროფესიონალებით, რომელთაც არა მხოლოდ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ, არამედ მაღალი რეპუტაციაც პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში.
ამასთან, კოალიცია აცხადებს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა სათანადოდ უნდა გააცნობიეროს მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე მდგომარეობა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება. კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც განსაზღვრავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესს.
„პარლამენტმა ზემოხსენებული ცვლილებების მიღებამდე უარი უნდა თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე, ხელახალი შერჩევის პროცესი დაიწყოს კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და საკანონმდებლო ორგანომ სწორედ ასეთი წესით ნომინირებული კანდიდატების კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა შეამოწმოს“, – აცხადებენ კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.