კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა წარდგენილ სიაზე უარი თქვას
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყოს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვა.
კოალიცია მოითხოვს, პარლამენტმა უარი თქვას ამ ეტაპზე წარდგენილი კანდიდატების სიაზე, მანამდე კი, კონსულტაციები გაიმართოს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი სია სუბიექტურია. მათი შერჩევის კრიტერიუმები კი, გაუგებარი.
მათი თქმით, საჭიროა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს.
„საბჭომ ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, მალულად, ისე რომ მინიმალური სტანდარტები არ იქნა გათვალისწინებული. ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა, რადგან კარგად ვიცნობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის წესებს. ერთადერთი მიზანი, რაც ამ ხალხს ამოძრავებს, საკუთარ ინტერესებსა და ძალაუფლებაზე ზრუნვაა“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა, გია გვილავამ.
მისი შეფასებით, მართლმსაჯულების საკითხების მიმართულებით ბოლო პერიოდში არაფერი გაკეთებულა.
„ეს მიუთითებს, რამხელა პრობლემები გვაქვს იურისპრუდენციაში და განსაკუთრებით საბჭოს მუშაობაში. 10 კანდიდატიდან, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, შვიდი არის გამორჩეული წევრი კლანის, რომელიც მოქმედებს სისტემაში და, რომელიც პრაქტიკულად სისტემის მართვის ყველა კომპონენტს აკონტროლებს“, – აღნიშნა გვილავამ.
მისი თქმით, კანდიდატთა სიაში არის ხალხი, რომელთა მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.
რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატების დასახელებას პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების განხილვა შეეჩერებინა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას და ამ საკითხს საგაზაფხულო სეისაზე დაუბრუნდება.