კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობს და  პარლამენტს მიმართავს, შექმნილ ფორმატსა და ჯგუფის შემადგენლობას არსებითად გადახედოს.

ამასთან დაკავშირებით კოალიციამ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართოს, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა დაუყოვნებლივ გადადგომა, რომლებმაც 2018 წლის 24 დეკემბერს მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში.

კოალიციას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფს და კანონმდებლობაში ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, კოალიციას მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას.

„სამუშაო ჯგუფის უმრავლესობას შეადგენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ის მოსამართლეები, რომელთა პირდაპირი დაინტერესება იყო დაჩქარებული წესით სიის განხილვა და დამტკიცება. არსებული შემადგენლობით ჯგუფის შენარჩუნება გამორიცხავს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და მოემსახურება მხოლოდ პროცესის კოსმეტიკურ შელამაზებას. ამის გათვალისწინებით, კოალიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და მიმართავს პარლამენტს, არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატსა და ჯგუფის შემადგენლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.