კნუტ აბრაჰამი - ევროინტეგრაციის კუთხით გარდამტეხი მომენტია, უნდა დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს დახმარების მხრივ, უბრალოდ რიტორიკა არ არის, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა და ევროპასაც სჭირდება საქართველო
ბუნდესტაგის დეპუტატის, კნუტ აბრაჰამის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით ახლა გარდამტეხი მომენტია.
თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კნუტ აბრაჰამმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „გვესმის, რომ საქართველოს მიმართ, თუნდაც გერმანიის მხრიდან, მიმდინარეობს პოლიტიკის გადახედვის პროცესი. ამ პროცესში რამდენად სწორი შეიძლება იყოს სამხედრო დაფინანსების შეჩერება თავდაცვის სამინისტროსთვის და ხომ არ შეიძლება, ეს გახდეს სიგნალი რუსეთისთვის, რომელსაც დღეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი?“
კნუტ აბრაჰამის შეფასებით, საჭიროა დაფიქრება, რას ნიშნავს ეს კონკრეტული დახმარების კუთხით, ვინაიდან უბრალოდ რიტორიკა არ არის საუბარი, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც სჭირდება საქართველო.
„ყველაფერი, რაც ჩვენ მოვისმინეთ კონფერენციაზე და ჩემი შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გვაჩვენებს, რომ ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები ახლა გზაგასაყარზე დგას. ეს არის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. რას ნიშნავს უკვე ეს კონკრეტული დახმარების თუ სხვა პროექტის თვალსაზრისით, ამაზე ფრთხილად უნდა დავფიქრდეთ, რადგან უბრალოდ რიტორიკა არ არის, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც სჭირდება საქართველო“, – განაცხადა კნუტ აბრაჰამმა.