კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.
„2020 წლის 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისროლა, სამი ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანი ცხელ კვალზე სახლთან დააკავეს. ბიძინა ჩაჩხიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულს თავდაპირველად სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“, მეხუთე ნაწილის „გ“, მეშვიდე ნაწილის „ა“ და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებოდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.