კლინიკის ეზოში სამი ტრანსგენდერის ცემაში ბრალდებულები დააკავეს
კლინიკის ეზოში სამი ტრანსგენდერის ცემაში ბრალდებულები დააკავეს

თბილისში, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სამი ტრანსგენდერის ცემაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აგრძელებს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მონიტორინგს. ერთობლივი მუშაობის შედეგად დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ორი პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამ დაზარალებულს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.