ადამიანთა და სხვა ძუძუმწოვართაგან განსხვავებით, ზღვის მწვანე კუები მდედრებად და მამრებად არ ყალიბდებიან; მიზეზი სქესის განმსაზღვრელი ქრომოსომებია. ამის ნაცვლად, მზარდი ემბრიონის სქესს განსაზღვრავს კუს კვერცხის გარეთ არსებული ტემპერატურა.
მეცნიერთა თქმით, მსოფლიოს გათბობის კვალდაკვალ, ეს უცნაური ბიოლოგიური ხრიკი მათ მომავალს დიდ საფრთხეს უქადის.
ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ზღვის კუების ზოგიერთი პოპულაცია სიცხის გამო უკვე იმდენადაა დამახინჯებული, რომ ახალგაზრდა რეპტილეიბი თითქმის სულ მდედრები არიან.
„ეს გახლავთ ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკონსერვაციო კვლევა“, — ამბობს ჩარლსტონის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ოუენსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გაგრძელდება, ალბათ სულ რამდენიმე ათწლეულში, „ზღვის კუების პოპულაციაში საკმარისი მამრები აღარ იქნებიან“, — ამბობს იგი.
ზღვის მწვანე კუების სქესს მთლიანად გარემო განსაზღვრავს.
„მათ აქვთ სქესის განსაზღვრის ტემპერატურაზე დამოკიდებული სისტემა. ეს არ გახლავთ გენეტიკა. ყველაფერს ტემპერატურა წყვეტს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ენდოკრინოლოგი მკვლევარი კამრინ ალენი.
ის, რასაც ბიოლოგები საყრდენ ტემპერატურას უწოდებენ, განსაზღვრავს კუების სქესს.
ზღვის კუებისთვის ეს ტემპერატურაა 29,3 გრადუსი ცელსიუსი. ამ მაჩვენებელზე ოდნავ დაბალ ტემპერატურაზე, ზღვის ყველა კუ მამრი იბადება. უფრო მაღალზე კი მხოლოდ მდედრები.
„გარდამავალი დიაპაზონი, 100% მდედრიდან 100% მამრებამდე, მოიცავს ძალიან ვიწრო ინტერვალს, სულ რამდენიმე გრადუსს“, — ამბობს NOAA-ს საზღვაო ბიოლოგი და კვლევის თანაავტორი მაიკლ ჯენსენი.
ეს კუები ძირითადად ბინადრობენ ეკვატორიდან ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ, კონტინენტის წვერამდე.
ავსტრალიის სიახლოვეს, ციცქნა კუნძულ რეინის პლაჟებზე კვერცხს დებს დაახლოებით 200 000 კუ. ეს გახლავთ ზღვის მწვანე კუების თავშეყრის ერთ-ერთი უდიდესი ადგილი მთელ მსოფლიოში.
ზღვის მწვანე კუები კრიტიკულ როლს თამაშობენ მათ ეკოსისტემაში. ზღვის ბალახს ისინი ისე ჭამენ, როგორც საქონელი ბალახობს საძოვრებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ზღვის მცენარეულობა ამ გზით სიჯანსაღეს ინარჩუნებს.
კუები იკვებებიან ადამიანთა ცივლიზიაციისაგან ხელუხლებელ, პირველყოფილ ზონებში. მათზე ნადირობენ დიუგონები და ვეფხვისებრი ზვიგენები.
„ეს ნამდვილად იდეალური ადგილია კუების შესასწავლად. აღმოსავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე მათი გავრცელების შესახებ, ჯერ მხოლოდ 30 წლის მანძილზე შეგროვილი ცოდნა გვაქვს“, — ამბობს ჯენსენი.
სწორედ ამ ადგილას ჩაატარეს ავტორებმა კვლევა. რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეცნიერები აგროვებდნენ კუებს, იღებდნენ მათი პლაზმის ნიმუშებს და ცხოველებს კვლავ ათავისუფლებდნენ.
ახალგაზრდა მამრი და მდედრი კუების ერთმანეთისგან განსხვავება ძალიან ძნელია. გამოუსადეგარია მათი გარეგნული ნიშნებიც.
წარსულში, სასქესო ჯირკვლების შესამოწმებლად, მკვლევრები ახალგაზრდა კუებს ჭრიდნენ. მაგრამ ამჯერად, სურდათ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიეყენებინათ პოპულაციაზე; ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს (IUCN) ეს ცხოველები საფრთხის ქვეშ მყოფთა ნუსხაში ჰყავს შეყვანილი.
გამოუსადეგარია ლაპარასკოპიული ქირურგიაც.
კამრინ ალენმა კუების სქესის დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავა — მათი ჰორმონების საშუალებით. აღებული პლაზმის ნიმუშები მეცნიერებმა კალიფორნიის ლაბორატორიაში შეამოწმეს.
„შეუძლებელია გენეტიკური ტესტების გამოყენება, რადგან მათ არ აქვთ ადამიანთა მსგავსი სქესის ქრომოსომები“, — ამბობს ალენი.
2016 წელს, კაიმანის კუებში ბიოლოგებმა თერმომეტრი გენი აღმოაჩინეს. სქესს ამ გზით ყველა კუ როდი არეგულირებს, მაგრამ ამ მხრივ, კაიმანის კუები ზღვის მწვანე კუებს ჰგვანან.
ჯერჯერობით უცნობი რჩება თუ რატომ არის კუების სქესი ტემპერატურაზე დამოკიდებული, თუმცა ბიოლოგთა გარკვეულ ნაწილს აქვს ჰიპოთეზა: ცივ გარემოში განვითარებული კუები უფრო დიდები იზრდებიან და მათი სახეობისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ ტანადი კუები მამრები იქნებიან.
წინა კვლევები პროგნოზირებდა, რომ ზღვის მწვანე კუები და ტემპერატურაზე დამოკიდებული სხვა რეპტილიები შეიძლება შეცვლილიყვნენ გამთბარი კლიმატის საპასუხოდ.
ამჟამად, კუები მთელ მსოფლიოში „აბსოლუტურად შეცვლილი არიან“, ამბობს ოუენსი, რომელიც წარსულში ამ საკითხზე არაერთ კვლევაში მონაწილეობდა.
„მრავალი სხვა სახეობა და პოპულაცია, რომლებსაც ჩემი კოლეგები სწავლობენ, 90%-ით უკვე მდედრები არიან“.
თუკი რეინის კუნძული ახალშობილთა ერთგვარი ინკუბატორია, ახლა ყველაფერი ერთი მიმართულებით წავა. იბადება მდედრი-მდედრზე.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ახალშობილი კუების 99%-ზე მეტი მდედრია; აღმოჩნდა, რომ ზრდასრული კუების 87%-იც მდედრია. ყოველ ახალგაზრდა მამრ კუზე 116 მდედრი მოდის.
აღსასრული ამ კუებისთვის ხვალვე არ დადგება. სინამდვილეში, კუების ზოგადი პოპულაცია შეიძლება უცაბედად გაიზარდოს, მანამდე, სანამ რაც უფრო ბევრ მდედრ კუს შეეძლება მამრის პოვნა თავიანთ კვერცხების განაყოფიერებისათვის.
კუებს სულაც არ სჭირდებათ მამრი-მდედრის 50:50 პროპროცია.
„რამდენიმე მამრმა შეიძლება მართლაც ძალიან დიდი შთამომავლობა მოგვცეს, რადგან მამრი კუები უფრო ხშირად ჯვარდებიან პარტნიორებთან, ვიდრე მდედრები“, — ამბობს ჯენსენი.
„ძნელია იმის თქმა, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მასშტაბები ძალიან დიდია და შეიძლება ბევრი კასკადური შედეგი ჰქონდეს“, — ამბობს ფრენსის კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგი რორი ტელემეკო, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, მაგრამ იკვლევს ტემპერატურასა და რეპტილიების განვითარებას.
„თუმცა, როგორც ჩანს, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელი პროცესია“.
ქვიშის ტემპერატურის შესაფასებლად, კვლევის ავტორებმა გამოიყენეს გამრავლების არეალის ზღვისა და ჰაერის ტემპერატურათა ისტორიული ჩანაწერები 1960-2016 წლების მონაკვეთში. აღმოჩნდა, რომ 1990-იან წლებში, ქვიშის ტემპერატურა თანმიმდევრულად მაღალი იყო საყრდენ ტემპერატურაზე.
მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ კლიმატის ცვლილება ნორმაში ვერ იყო. „თუ არა კლიმატის ცვლილება, მაშ რა შეიძლება იყოს?“ — ამბობს ალენი.
„თვალნათელია, რომ დანმაშავე კლიმატის ცვლილებაა“, — ეთანხმება ოუენსი.
არსებობს გამრავლების კიდევ ერთი რეგიონი, რეინის კუნძულიდან 1600 კილომეტრით სამხრეთით, რომელიც შედარებით ცივია. სამხრეთ ავსტრალიაში სქესობრივი პროპორცია ნაკლებ შელახულია და 1 მამრზე ორი მდედრი კუ მოდის.
„რიფის ორ საპირისპირო მხარეს არსებული ამ ორი პოპულაციის სქესობრივი პროპორციები ძლიერ განსხვავებულია“, — აღნიშნავს ჯენსენი.
მკვლევართა თქმით, არ ჩანს იმის ალბათობა, რომ ეს ორი პოპულაცია ერთმანეთში შეჯვარდება. ორაგულთა მსგავსად, კუები დაბადების ადგილებს ნიშნავენ. პარტნიორთა მოსაძბენად, რეპტილიები მშობლიურ არეალებში ბრუნდებიან.
„შეჯვარება ხდება საბუდარი პლაჟების სიახლოვეს“, — ამბობს ჯენსენი.
მკვლევართა შეფასებით, ზღვის მწვანე კუები 60-70 წელს ცოცხლობენ.
„დიახ, მართალია დარჩენილია ძალიან ცოტა მამრი, მაგრამ ისინი კიდევ ათეულობით წელიწადს იცოცხლებენ“, — აღნიშნავს ოუენსი.
„მაგრამ თანდათანობით, ისინი დაიხოცებიან. ვვარაუდობ, რომ ძალიან მალე, დიდი ბარიერული რიფის ჩრდილოეთის პოპულაცია შემცირებას დაიწყებს, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია“.
ჯენსენისა და ალენის თქმით, კარგი ამბავი ისაა, რომ შესაძლებელია მენეჯმენტის სტრატეგიები. პლაჟების დაჩრდილვამ ან ქვიშის წყლით მორწყვამ შეიძლება საბუდარი ზონები გააგრილოს.
რეინის კუნძულის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ამ ცხოველთა დაცვასა და მონიტორინგზე უკვე მუშაობს ავსტრალიის ხელისუფლება.
„დრო გვაქვს. ამ კუებს ჯერ კიდევ აქვთ ადაპტაციის გზები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შესძლებენ თუ არა ისინი იმ სისწრაფით ადაპტაციას, რაც საჭიროა“, — ამბობს ალენი.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.