კლერ სტენდლი - პანდემიის დროს ყველამ გავაცნობიერეთ, რამდენად გადაჯაჭვული და გლობალურია სამყარო
კლერ სტენდლი - პანდემიის დროს ყველამ გავაცნობიერეთ, რამდენად გადაჯაჭვული და გლობალურია სამყარო

COVID-19-ის შემდეგ მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვალა. გაუქმდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მსოფლიო ლიდერების სამიტები და შეხვედრები ინტერნეტით იმართება. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. მოქალაქეებს გარეთ გასვლას უკრძალავენ. ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-შიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სოციალური დისტანციის შენარჩუნებასთან ერთად, ინფიცირებულთა და მათი კონტაქტების გამოვლენის და ტესტების ჩატარების რეკომენდაციას იძლევა.

რამდენად ეფექტიანია მსოფლიოს მიერ კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები და რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ, რატომ გახდა ეპიდემიის ეპიცენტრი იტალია. ამ თემების შესახებ ვესაუბრეთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის მეცნიერებისა და უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარს, კლერ სტენდლის.

ახალი კორონავირუსი ზოგიერთ ქვეყანაში უფრო სწრაფად ვრცელდება. ასეთია იტალია, ესპანეთი. რატომ ხდება ეს და რა კონკრეტული შეცდომები დაუშვა მთავრობამ? თუ ჯანდაცვის სექტორი არ იყო მზად?

ეს რამდენიმე ფაქტორის კომბინაციის გამო მოხდა. ზოგიერთ შემთხვევაში ამის მიზეზი უბრალოდ უიღბლობა იყო, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღება გაჭიანურდა. იტალიაში თვალსაჩინო იყო,  რომ ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების მასშტაბი სათანადოდ ვერ შეაფასა. ეპიდემიის ეპიცენტრში, ლომბარდიაში, ხელისუფლება მხოლოდ მას შემდეგ იწყებდა მოქმედებას, რაც გადაცემათა შემთხვევები იზრდებოდა. ამას სათანადო მიზეზები ჰქონდა. მთავრობა უფრთხილდებოდა ეკონომიკას, არ სურდა ხალხის შეშინება. სამწუხაროდ, ამის გამო ვირუსი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც იტალიურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ მთავრობა ლომბარდიის კარანტინის ზონად გამოცხადებას და რეგიონის ჩაკეტვას გეგმავს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ლომბარდიაში მცხოვრებლების დიდი ნაწილი, ქვეყნის სხვა რეგიონებში გაიქცა და ვირუსიც მათთან ერთად გავრცელდა. კიდევ ერთი საკითხი, რასაც იტალიაში, ასევე აშშ-ში ვხედავთ, დეცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემაა. ამ ქვეყნებში ცენტრალური მთავრობა გასცემს რეკომენდაციებს, ადგენს სამოქმედო გეგმას. თუმცა ადგილზე ამ წესების შესრულება ლოკალურ მთავრობას ევალება. ამის გამო იტალიის ორ რეგიონში ლომბარდიასა და ვენეტოში ადგილობრივმა მთავრობებმა განსხვავებული ნაბიჯები გადადგეს. შედეგად კი ვენეტოსგან განსხვავებით, ლომბარდიაში ვირუსი უფრო მეტად გავრცელდა. მეტი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში და სამწუხაროდ, იყო მეტი მსხვერპლი. სწრაფი და გადამწყვეტი ზომების მიღება მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, მთავრობას არ უნდა შეეშინდეს ისეთი წესების ამოქმედება, რომლებიც შესაძლოა, ბევრს ზედემტ სიმაკაცრედ მოეჩვენოს. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურება – ვირუსს უნდა დავასწროთ.

გადამწყვეტი ზომების მიღება მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, მთავრობას არ უნდა შეეშინდეს ისეთი წესების ამოქმედება, რომლებიც შესაძლოა, ბევრს ზედმეტ სიმკაცრედ მოეჩვენოს. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურება – ვირუსს უნდა დავასწროთ.

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახლა გამოვლენილია 100-ზე მეტი შემთხვევა. არავინ გარდაცვლილა. თქვენი აზრით, ეს შედეგი ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორ ნაბიჯებს დგამს?

თქვენ მიერ ნახსენები ციფრები იმედისმომცემია. საქართველოს მაგალითს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, გასათვალისწინებელია კიდევ რამდენიმე ფაქტორი. პირველი – არის თუ არა ყველა ინფიცირების გადაცემთა ჯაჭვი დადგენილი, არსებობენ თუ არა ადამიანები, რომლებმაც არ იციან, ვისგან დაინფიცირდნენ. თუ ასეა, მაშინ ეს საგანგაშოა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, სადღაც მიმდინარეობდეს გადაცემა, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ თუ ყველა შემთხვევის ინფიცირების წყარო დადგენილია, მაშინ ეს დადებითი ნიშანია. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ბევრი ადამიანის მონიტორინგს აწარმოებს, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ახლა მნიშვნელოვანია ტესტირება. სამხრეთ კორეის მაგალითმა აჩვენა, რომ ეს მეთოდი მუშაობს და ტესტირება გვეხმარება, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევები არ გამოგვეპაროს. საქართველოს შემთხვევაში ციფრები პოზიტიურია, თუმცა ზუსტი შეფასებისთვის საჭიროა მეტი ინფორმაცია. საბოლოო ჯამში ყველას სურვილია, რომ მსოფლიოში არსად იყოს ქვეყნები, სადაც ვირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობაა გამოვლენილი, თუმცა სინამდვილეში გავრცელება უფრო ფართოა. ასევე გასათვალისწინებელია, ვირუსის ცირკულირების ვადები. ვგულისხმობ დროის იმ მონაკვეთს, რომელიც არსებობს ინფიცირებას, ადამიანებში სიმპტომების გამოვლენასა და მათ ჰოსპიტალიზაციას შორის. შეიძლება რაღაც მომენტში ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ქვეყანაში სულ რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი და საავადმყოფოები სიტუაციას უმკლავდებიან. თუმცა, ამ დროს სადღაც შეიძლება ხდებოდეს გადაცემა. გავა რამდენიმე კვირა, შემთხვევები მოიმატებს და ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება. ასე რომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.

ჩვენი რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, საქართველოსთან შედარებით უფრო მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. რამდენად საფრთხის შემცველია ეს ფაქტორი?

პანდემიის დროს ყველამ გავაცნობიერეთ, რამდენად გადაჯაჭვული და გლობალურია სამყარო. ასეთ პირობებში, კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ თანამშრომლობას. ჩვენ არ გვსურს, რომ ქვეყნები ვირუსის გავრცელებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ჩვენ გვჭირდება კოლექტიური ძალისხმევა. ვიცით, რომ ადამიანებს უწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება, ზოგს სამუშაოდ, ზოგს ოჯახური მიზეზებით და სხვა მოტივებითაც. საჭიროა ერთობლივი ეფექტიანი ნაბიჯები, რათა ვირუსი გავრცელება შეწყდეს. ერთ-ერთი სტრატეგია არის ქვეყანაში ჩამოსული ადამიანების მკაცრი მონიტორინგი. დღეს საფრთხე არა მხოლოდ ე.წ. ცხელი წერტილებიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან მოდის. ამიტომ აუცილებელია იმპორტირებული შემთხვევების მკაცრი მონიტორინგი.

რა არის ის ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია სოციალური დისტანციის დასაცავად დაწესებული შეზღუდვების მოხსნა? არსებობს რაიმე ვადები? ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, რამდენ ხანს შეიძლება მსოფლიო ჩაკეტილი იყოს?

ძალიან კარგი შეკითხვაა, თუმცა ზუსტი პასუხი არავინ იცის. ვირუსის ბიოლოგიურ თვისებებს თუ გავითვალისწინებთ, ანუ საინკუბაციო პერიოდს, ასევე დაავადების ხანგრძლივობას, რა დროსაც ადამიანებს შეუძლიათ ვირუსი სხვებს გადასცენ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. შესაბამისად, შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს კონსერვატიულად უნდა მივუდგეთ. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ მთავრობას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ ეს შეზღუდვები მალე მოხსნას, თუმცა ამან შეიძლება შემთხვევების მატება გამოიწვიოს. ჩემი აზრით, ოპტიმალური ვადა არის ორი ან სამი კვირა. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ, მთავრობა დარწმუნებული იქნება, რომ სწორად აღრიცხავს შემთხვევებს და სიტუაციას აკონტროლებს, მაშინ ახალი შემთხვევების კლება დაიწყება. სწორედ ეს იქნება სიგნალი, რომ მკაცრი ზომების მოხსნის გეგმაზე მუშაობის დაწყების დროა. თუმცა, მაშინვე ყველა შეზღუდვის გაუქმება არ არის მიზანშეწონილი. შესაძლოა, ზოგიერთი შეზღუდვა კიდევ სამი კვირის განმავლობაში დარჩეს ძალაში. შეზღუდვების გაუქმება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს, რათა ამას ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ მოჰყვეს. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დიდ ხანს გაგრძელდება. შესაძლოა რამდენიმე თვეც კი. თუმცა, თუ ადამიანები დაემორჩილებიან მკაცრ შეზღუდვებს, მომდევნო ერთი ან ორი თვის განმავლობაში, ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა შესაძლებელი იქნება, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ და კარგად გაწერილი სტრატეგიით.

გერმანიაში ბევრს საუბრობენ პანდემიის დროს მოქალაქეთა პირადი მონაცემების გამოყენების შესაძლებლობაზე, რათა ინფიცირებულებისა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების კონტროლი გაიოლდეს. თქვენი აზრით, ასეთი სისტემის ამოქმედება დემოკრატიულ ქვეყნებში შესაძლებელია?

ეს ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. გერმანია საუკეთესო მაგალითია, რადგან ჩვენთან პირადი მონაცემების უსაფრთხოება მსოფლიოში ყველაზე მკაცრად არის დაცული. გერმანიაში დამკვიდრებულია კულტურა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ პირადი მონაცემების გამოყენებას მოქალაქეები მკაცრად ეწინააღმდეგებიან. ეს გასაგებიცაა, რადგან მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომი პერიოდის მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია. განსაკუთრებით ეს ეხება გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც უშიშროების სამსახური – შტაზი, კარგად ახსოვთ. თუმცა მოსახლეობა აცნობიერებს, რომ კორონავირუსის კრიზისის მსგავსი მანამდე არასდროს მომხდარა, ამიტომ მთავრობის მიერ ზოგიერთი მონაცემის გამოყენების საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პირად მონაცემებთან წვდომის უფლებას ჩვენ თავადაც ვაძლევთ მობილური აპლიკაციების შემქმნელ კომპანიებს. თან ისე, რომ ამაზე არც კი ვფიქრობთ. ახლა გერმანიაში მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ შეიძლება მთავრობამ ეს მონაცემები გამოიყენოს. ცხადია, რომ ხელისუფლებას პირად მონაცემებთან წვდომის დრო შეზღუდული უნდა ჰქონდეს და აუცილებელია ამ მონაცემების მაქსიმალური დაცვა.

რას იტყოდით ტესტირებაზე? არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გზა ეფექტიანიაან რამდენი ადამიანის ტესტირება არის აუცილებელი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტესტირების რეკომენდაციას იძლევა და მეც ვეთანხმები ამ რჩევას. თუ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ყველა მოქალაქეს ჩაუტაროს ტესტი, მაშინ ეს საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ცხადია, ეს არის პრაქტიკული და ამის ადამიანური თუ სხვა სახის რესურსი, არავის აქვს. ამიტომ მთავრობა ამ საკითხს სტრატეგიულად უნდა მიუდგეს. ტესტირების ეფექტურობა ყველაზე უკეთ გამოჩნდა სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ასევე გერმანიაში, სადაც ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს და ამან დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა გერმანიის შემთხვევაში ეს მაინც ნაადრევი შეფასებაა. უნდა ვნახოთ მოვლენების განვითარება. ტესტირების მასშტაბები დამოკიდებულია სახელმწიფოს რესურსზე. თუმცა, ცხადია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ინფიცირებულების გამოვლენა და გადაცემთა ჯაჭვის გაწყვეტა მნიშვნელოვანია.

რას ფიქრობთ შვედეთის მიდგომაზე, სადაც ვირუსის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე უარი თქვეს?

შვედეთის მაგალითს კარგად არ ვიცნობ, თუმცა გეტყვით, რომ გერმანიაშიც კი, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, კარანტინის რეჟიმი მსუბუქია. ბევრ სხვა ქვეყანაში ქუჩებში გასვლა საერთოდ აკრძალულია, ან დღეში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი და ისიც განსაკუთრებული საჭიროების დროს. გერმანიაში მსგავსი მკაცრი წესები არ მოქმედებს, ყოველ შემთხვევაში იმ რეგიონში, სადაც ვიმყოფები, ანუ ბატენ-ვიურტემბერგში. სკოლები დახურულია, მაღაზიები და რესტორნები არ მუშაობს, თუმცა მოქალაქეებს სახლიდან გასვლის შესაძლებლობა აქვთ. აკრძალულია ორ ადამიანზე მეტის შეკრება, თუმცა ეს ოჯახებს არ ეხებათ. შვედეთშიც დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა. რამდენად ეფექტური იქნება ეს მიდგომა, ამის თქმა ჯერ ნაადრევია. ყველა მთავრობა ითვალისწინებს ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს. ასევე მნიშვნელოვანია  ადამიანების გადაღლილობაც. მოქალაქეები სახლში ჯდომით დაიღლებიან, დაიღლებიან იმით, რომ ვერ მოინახულებენ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, ასევე ბევრი მოქალაქე შემოსავლის გარეშე დარჩება. ასე რომ, რაც უფრო დიდხანს იქნება მკაცრი ზომები დაწესებული, მით უფრო მეტად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც წესებს აღარ დაემორჩილებიან. მთავრობებს რთული ამოცანა აქვთ გადასაჭრელი, მათ ამ რთულ ფაქტორებს შორის ბალანსი უნდა იპოვონ.

და ბოლოს, რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რაც ამ კრიზისმა უნდა გვასწავლოს? ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი შეხვედრის თუ კონფერენციის გამართვა ინტერნეტითაც არის შესაძლებელი. იქნება ეს წესი პანდემიის გავლის შემდეგაც უნდა შევინარჩუნოთ.

ეს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი კრიზისია. ბევრი ადამიანისთვის, ვინც ახლობლები დაკარგა, ტრაგედიაა. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იმ პოზიტიური მაგალითების და გამოცდილების გათვალისწინებაა, რომელიც პანდემიის დროს ბევრი იყო. მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი კიბერსივრცეში ადამიანებს პოზიტიური ურთიერთქმედება შეუძლიათ. ადამიანები უფრო დაახლოვდნენ. მეზობლები ერთმანეთს ეხმარებიან. ერთ სამეზობლოში მცხოვრები მოქალაქეები ახლოს მდებარე პატარა რესტორნებიდან უკვეთავენ საკვებს და ამით ეხმარებიან მფლობელებს. ეს ფანტასტიკურია. შესაძლოა ამის გაკეთება მანამდეც გვსურდა, მაგრამ ახლა მოგვიწია. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კრიზისის შემდეგაც შევინარჩუნებთ. რაც შეეხება პანდემიისთვის მომზადებას, ამ კუთხითაც ბევრი გაკვეთილი მივიღეთ. დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის დიაგნოსტირება. ასევე გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელია რეგულირების ისეთი სტრუქტურის დანერგვა, რომელიც დიაგნოსტიკის ახალი სისტემების სწრაფად დანერგვის შესაძლებლობას მოგვცემს. ამის მაგალითი იყო სამხრეთ კორეა, სადაც კორონავირუს „მერსის“ ეპიდემიის შემდეგ, რეგულირების სტრუქტურა შეცვალეს და სწორედ ამიტომ მათ ახალი კორონავირუსის ტესტის შექმნა და დანერგვა სწრაფად შეძლეს. ამის საწინააღმდეგო შემთხვევაა აშშ, სადაც რეგულირების პროცესი გაჭიანურდა, შედეგად ახლა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია.

მსოფლიოს ამბები

დატოვე კომენტარი