დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკავს და სთხოვს, ირანის სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო ქმედებებისგან თავი შეიკავოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკავს და სთხოვს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო ქმედებებისგან თავი შეიკავოს.
„ახლავე დავურეკავ ბიბის და ვეტყვი, რომ საპასუხო დარტყმა არ განახორციელოს. ორივე მხარემ თავისი გააკეთა. ისრაელმა თავისი დარტყმა განახორციელა, ირანმაც – თავისი. კიდევ ერთი შეტევა აღარ გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის დარტყმებს ზიანი არავისთვის მიუყენებია.
„ირანის დარტყმებს არავინ დაუზიანებია. იმედი მაქვს, ისრაელი საპასუხო დარტყმას არ განახორციელებს. თუ ბიბი მათ საპასუხოდ დაარტყამს, ეს ყველაფერი ისევ გაგრძელდება, როგორც ბოლო 47 წლის განმავლობაში ან თუნდაც ბოლო 3 000 წლის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ და ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან და არ სურს, რომ მიმდინარე მოვლენების გამო ეს პროცესი ჩაიშალოს.
როგორც „აქსიოსს“ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ამერიკული მხარე ამაში ჩართული არ ყოფილა. მედიის ცნობით, მოგვიანებით სხვა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ლიდერებს შორის საუბარი შედგა.