კლემან ბონი - ამ ტრაგიკულ სიტუაციაში უკრაინამ  წარმოადგინა ყველა საჭირო ინფორმაცია, ასევე გააკეთეს კოლეგებმა მოლდოვიდან და საქართველოდან, მჯერა, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე კონსენსუსის საფუძველზე შევძლებთ შეთანხმებას
კლემან ბონი - ამ ტრაგიკულ სიტუაციაში უკრაინამ  წარმოადგინა ყველა საჭირო ინფორმაცია, ასევე გააკეთეს კოლეგებმა მოლდოვიდან და საქართველოდან, მჯერა, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე კონსენსუსის საფუძველზე შევძლებთ შეთანხმებას

კონფლიქტის დაწყებისთანავე გამოვხატეთ მოსაზრება, რომ უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ არ გვიყოყმანია უკრაინის 28 თებერვლის განაცხადთან დაკავშირებით, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და ევროკომისიას დაავალა, წარმოედგინა თავისი შეფასება, რაც სწრაფად გაკეთდა და მინდა, მივესალმო უკრაინის მთავრობის ძალისხმევას – ამ ძალიან ტრაგიკულ და დრამატულ სიტუაციაში მათ წარმოადგინეს ყველა საჭირო ინფორმაცია, ასევე გააკეთეს კოლეგებმა მოლდოვიდან და საქართველოდან, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა კლემან ბონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობას უხდის ევროკომისიას, რომელმაც გულმოდგინედ იმუშავა და რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დეტალური შეფასებები.

„საბჭო იმსჯელებს უახლოეს დღეებში ამ საკითხზე და მიიღებს გადაწყვეტილებებს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას კონსენსუსის საფუძელზე ევროპული საბჭოს ამ შეხვედრაზე, რათა გავაგზავნოთ სიგნალი, რომელსაც ასე ელოდებიან, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ეს არ უნდა აგვერიოს დაუყოვნებლივ წევრობასთან. არის განსხვავებული შეხედულებები. ვფიქრობ, მთავარია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სწრაფები, თუმცა მომთხოვნები. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ფართო მოსაზრება საბჭოს წევრებს შორის… საქართველომ გამოხატა ევროპული პერსპექტივის მკაფიო სურვილი. ვფიქრობ, არის სხვადასხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც საჭიროა კეთილი ნების გამოსახატად, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა კლემან ბონმა.

კლემან ბონმა ასევე ისაუბრა ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ემანუელ მაკრონის ინიციტივაზე. მისი თქმით, ეს იქნება უფრო სწრაფი პროცესი, ვიდრე გაწევრიანება, რაც უფრო დიდი თანამშრომლობისა და დახმარების საშუალებას შექმნის.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა, არამედ არის დამატება“, – აღნიშნა ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა.